დადგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე. ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი” ლივერპულში თამაშობენ, „ენფილდზე”. „აძურიმ” წინა ხუთი მატჩი მოიგო და ის უკვე მერვედფინალშია, მაგრამ გასარკვევი დარჩა საბოლოო ცხრილში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. ამას წილისყრისთვის აქვს მნიშვნელობა.
ლუჩანო სპალეტი პრეს-კონფერენციაზე როგორც მოსალოდნელი იყო იმედიანიც ჩანდა და ფრთხილიც. გარდა ამისა, მას კვარაცხელიასა და მერსისაიდელთა კერპის, მოჰამედ სალაჰის შედარება მოუხდა.
„ეს ორი ფეხბურთელი ბრწყინვალედ, ოღონდ განსხვავებულად თამაშობს, — თქვა სპალეტიმ, — თქვენ შეგიძლიათ მათ უბრალოდ გადაუგდოთ ბურთი და ისინი გუნდისთვის შესაძლებლობას შექმნიან. მათ შეუძლიათ იოლად მოატყუონ მეტოქე, გასცდნენ მას, მოეფერონ ბურთს, როდესაც საათში 200 კილომეტრით მირბიან, შემდეგ კი მკვეთრად შემოტრიალდნენ. საკუთარ შესაძლებლობებში ორივე დარწმუნებულია და ორივე უბრალო, კარგი ბიჭია. ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს დაეხმარონ ყველას ვისაც ეს სჭირდება. მათ მართლა შეუძლიათ ყველაფერს თავიანთი ხელი დაატყონ”.
შემდეგ სპალეტიმ „ლივერპულის” თავკაცის, იურგენ კლოპის ნათქვამზე გააკეთა კომენტარი:
„წავიკითხე, თითქოს მან თქვა, რომ 4:0-ის მოგებაზე არ ფიქრობს. ალბათ სერიოზულად თქვა. და თუ მან სერიოზულად თქვა, რომ 4:0-ს ვერ მოიგებს, ჩვენ შეგვიძლია ეს საკითხი გავარჩიოთ. გადაჭარბებული კომპლიმენტი ხანდახან თავბრუს გახვევს და შემდეგ უეცარ დარტყმას იღებ.
მეორე მხრივ, როდესაც კორექტულად გაკრიტიკებენ, ყოველთვის იწყებ გამოსწორების გზების ძიებას. აკვირდები კრიტიკოსი მართალი იყო თუ არა. თუმცა, მან ცოტა სხვანაირად ილაპარაკა…
კლოპი ის მწვრთნელია, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ ფინალში გაიყვანა. ეს იმას ნიშნავს რომ ის ყველას სჯობია. ის და მისი გუნდი. მაგრამ, როდესაც ის „ნაპოლის” მწვრთნელი გახდა, მიხვდება, რომ სულელი არავინ არის…
…ცხადია ჩვენი წინა შეხვედრის შედეგით, ისევე, როგორც ამ გუნდის ბოლო თამაშებით არავინ მოტყუვდება, „ლივერპული” უძლიერესი გუნდია. მე მას ისევე ვუყურებ, როგორც ადრე ვუყურებდი. რად უნდა ლაპარაკი, რომ როდესაც გუნდი მეტოქის საჯარიმოში ათ საგოლე მომენტს ვერ გამოიყენებს,— როგორც ეს „ლივერპულს” ბოლო შეხვედრაში მოუვიდა, — იქ შედეგი შეიძლებოდა სხვანაირი ყოფილიყო. მე ჩემს ფეხბურთელებს ნებას დავრთავ ყველა დარტყმა ააცილონ, მაგრამ არ მივცემ უფლებას არ იბრძოლონ თითოეული ბურთისთვის. ჩვენ უნდა ვითამაშოთ მშვიდად და პატიოსნად.
აუცილებლად იქნება პერიოდები, როდესაც ჩვენ მეტოქის სწრაფი და ტექნიკური თამაშის შეჩერება მოგვიწევს. მაგრამ, როდესაც ბურთს მოვიპოვებთ, მინდა დავინახო იგივე დამოკიდებულება, რადგან ნებისმიერი ეპიზოდი სასურველი შედეგის წინაპირობა შეიძლება გახდეს…
…რად უნდა ლაპარაკი, რაც უფრო მეტი ფული გაქვს, ყველაფერი მით უფრო ადვილია მაგრამ თუ კარგად ხარ ორგანიზებული, წარმატების შანსი იზრდება. ასე მოიქცა მიმდინარე წელს „ნაპოლი”. ჩვენმა კლუბმა იყიდა ფეხბურთელები, რომლებიც გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ და მაღალხელფასიანების მსგავსად ტოპ მოთამაშეები გახდნენ. ჯერ კიდევ ვიზრდებით, მაგრამ ამას საფუძველი კლუბმა კარგი მოთამაშეების ყიდვით ჩაუყარა…
…ჩვენ გულწრფელ კომპლიმენტებს ვიღებთ, მაგრამ კომპლიმენტებს ქულები და ცხრილში პოზიცია არ მოაქვთ. კარგად ვიცით, რომ „ლივერპულთან” რთული შეხვედრა გველის. გვინდა ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, ისეთი, როგორიც პირველ შეხვედრაში ვითამაშეთ, თუმცა იმ მატჩის გამეორება ფაქტობრივად შეუძლებელია.
პირველ ადგილზე გავალთ თუ მეორეზე, ამით ბევრი რამ იცვლება. ამით პასუხი გაეცემა შეკითხვას, გვინდა გამარჯვება თუ არა. აქ, ასეთ სტადიონზე, ასეთ ფეხბურთელებთან სათამაშოდ მაქსიმალური მიზნებით ჩამოვედით და შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია”.