Ceci: “Maradona stanco di essere Maradona. Voleva una statua e la farò...
სტეფანო ჩეჩი

შაბათს, 29 ოქტომბერს, „ნაპოლი” „სასუოლოს” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს მე-12 ტურის შეხვედრა რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი შეეცდება ყველა შეჯიბრებაში ერთად ზედიზედ მე-13 გამარჯვება მოიპოვოს. და კიდევ, ნეაპოლელი ფანებისთვის დღე იმით იქნება საგანგებო, რომ სტადიონზე მათი კერპის დიეგო მარადონას დაბადების დღეს აღნიშნავენ — დიდი არგენტინელი 62 წლის გახდებოდა.

ამრიგად, „სასუოლოსთან” თამაშის წინ მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაა დაგეგმილი.  შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი 2020 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ორგანიზატორი გახლავთ მისი ყოფილი მენეჯერი და მეგობარი სტეფანო ჩეჩი.

„დიეგოს დაბადების დღე 30 ოქტომბერსაა და თავდაპირველად „სასუოლოსთან” თამაშიც კვირას იყო დანიშნული, თუმცა შემდეგ ის ჩემპიონთა ლიგის გრაფიკის გამო ერთი დღით ადრე გადაიტანეს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნეაპოლს მარადონას დღეობის გადახდა ყოველ წელიწადს სურს. ამ ქალაქში უნდათ, რომ დიეგო მუდმივად ახსოვდეთ. ამ ქალაქში ის ყოველთვის ემახსოვრებათ. მე დიეგოს 20 წლის განმავლობაში გვერდში ვედექი. მე მას დღესაც თავის საყვარელ ქალაქთან ერთად აღვიქვამ”, — თქვა ჩეჩიმ.

მარადონასადმი მიძღვნილ წვეულებაზე დაპატიჟებულია „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. აგრეთვე მიწვეულები არიან მარადონას თანაგუნდელები, რომლებთან ერთადაც დიეგომ ორჯერ მოიგო სკუდეტო. რასაკვირველია, იქნება „ნაპოლის” ლეგენდარული პრეზიდენტი კორადო ფერლაინო, ქალაქის მერი და სხვა პატივცემული პირნი.