„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში „გლაზგო რეინჯერსს” 3:0 მოუგო. იტალიური კლუბის მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ამ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დაასვენა, პიოტრ ჟელინსკი და ირვინგ ლოსანო კი მხოლოდ ბოლო წუთებში დატვირთა.
„აძურის” მწვრთნელმა მატჩის შემდეგ თქვა: „დღეს ვათამაშე ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კვირას „რომასთან” არ უთამაშიათ, მაგრამ მანამდე ბევრ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შესაძლოა სხვა გუნდებში როდესაც მატჩის გამოტოვება უწევთ ფეხბურთელები ნერვიულობენ, მაგრამ ჩემი ბიჭები ასე არ არიან. ისინი მოედანზე თანაგუნდელების დასახმარებლად ჟინითა და ენთუზიაზმით გავიდნენ. ეს მშვენიერია, ყველაფერს ამარტივებს. მოთამაშეების ურთიერთგაგება მაშინ გამოჩნდა, როდესაც პოლიტანო და რასპადორი დაკარგული ბურთების დასაბრუნებლად უკან დარბოდნენ და ერთმანეთს აზღვევდნენ.
მატჩის შესახებ
დიახ, საკუთარი ხელწერა გვაქვს, მაგრამ მოედანზე სხვა რამის კეთებაც არის საჭირო. პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. „რეინჯერსი” სივრცეებს ტოვებდა, რითაც ვსარგებლობდით, ბურთს ვაკონტროლებდით, მეტოქეს არ ვუთმობდით მას.
მატჩი და ვარჯიში
ძალიან კარგია, როდესაც ფეხბურთელებს ყველა შეხვედრაში სურთ მონაწილეობა და თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნება. ჩვენ ვეძებთ სივრცეებს, მეტოქეებთან ორთაბრძოლაში შევდივართ. ჩემი გუნდი შედგება გლადიატორებისგან, რომელთაც მოედანზე ამის გაკეთება შეუძლიათ. თამაში წინა კვირის ვარჯიშების ანარეკლია. მოწინააღმდეგეები ემზადებიან, შენს სტილს სწავლობენ, ამიტომ ყველას ერთსა და იმავეს ვერ გაუკეთებ. მაგალითად, სამი დღის წინ ოსიმენმა მოაწყო სიგიჟეები, დღეს კი უკვე სხვა რაღაცის მოფიქრება დაგვჭირდა.
„ნაპოლის” შედარება სპალეტის წინა გუნდებთან
იღბლიანი კაცი ვარ, ჩემს გუნდებში ყოველთვის იყვნენ ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს კარგად აგორებდნენ. ასეთი იყო ჩემი „რომაც”, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოდიოდა და გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდა. იქაც დიდებულ ფეხბურთს ვთამაშობდით.
კიმი
წარმოუდგენელი ცხოველია. მას ფეხში დაუჯერებელი ძალა აქვს. მისი ღონე თამაშზე გავლენას ახდენს. ხვალ, ვარჯიშზე ის მოითხოვს ითამაშოს ფეხბურთელებთან, რომლებმაც დღეს დაისვენეს: მეტისმეტად ძლიერია. კიმმა უკვე ბურთითაც დაიწყო მოქმედება, პოულობს სივრცეებს და კომბინაციაში მონაწილეობს.
მომავლის შესახებ
სადღეისოდ გუნდი დაბალანსებულია. ფეხბურთელებს გათავისებული აქვთ, რის გაკეთება გვინდა. ჩვენი ამოცანაა ვითამაშოთ სწრაფად და მოვლენები ჩვენს ჭკუაზე ვმართოთ. ეს გეგმის ნაწილია. მომავალშიც ასე უნდა განვაგრძოთ. ასე გვინდა ვითამაშოთ „ლივერპულთანაც”, რომელიც ძალიან ძნელად დასამარცხებელი მეტოქეა. ვნახოთ, გამოჩნდება რა შეგვიძლია. ლივერპულში მეტოქეს თუ ვაცდით, ის შანსს არ დაგვიტოვებს. ამ თამაშის მერე კი ვნახავთ, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ფეხბურთი. დროგამოშვებით ანალიზს ვაკეთებთ და შემდეგი მატჩის გეგმას იმის მიხედვით ვადგენთ. უფრო შორეულ გეგმებს კი ვერ დავსახავთ, რადგან მეტოქეებს ზედმიწევნით ვეყოლებით შესწავლილი.
ჩემმა ბიჭებმა ნამდვილად დაიმსახურეს, რომ ჩავიდნენ „ენფილდზე” და ამ ინგლისური გიგანტის წინააღმდეგ დიდ სანახაობაში მიიღონ მონაწილეობა.