დღეს „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში „გლაზგო რეინჯერსს” მასპინძლობს. ოფიციალური პრეს-კონფერენციის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „სქაი სპორტს”, სადაც თქვა:
„სიამაყით ვივსებით იმის გამო, რომ გულშემატკივართა გულები მოვინადირეთ და ხალხი ტრიბუნებზე დავაბრუნეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქომაგები ჩვენს შრომას აფასებენ, რაც ყველაზე მეტად გვიხარია. მთავარი ის კი არ არის, ცხრილში რომელ ადგილზე ვართ ან ვინ რას იტყვის „ნაპოლის” შესახებ, არამედ ის, რომ ხალხი მხარს გვიჭერს, მას მოსწონს როგორ ვთამაშობთ და ყველაფერს რასაც ვაკეთებთ გვიფასებს. ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მიმდინარე ამბებს ან იმას, თუ რომელ ადგილზე ვართ. მთავარია, რას ვაპირებთ მომავალში”.
„რეინჯერსის” შესახებ
ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა უქნა წინა ტურში „ლივერპულმა” „რეინჯრსს” (1:7), მოედანზე ჩვეულებრივი განწყობა იქნება. „ნაპოლი” მოსაგებად ითამაშებს. „რეინჯერსთან” თამაშის შედეგზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ამოცანის წინაშე ვიდგებით ბოლო შეხვედრაში. თუკი ლივერპულში 15 ქულით ჩავალთ, ესე იგი პირველ ადგილზე გასვლა ბურთების უკეთესი სხვაობითაც იქნება შესაძლებელი.
ცვლილებები
კვირას „რომასთან” ვითამაშეთ. ამ შეხვედრასთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ვარჯიშები გუშინ საღამოს განვაახლეთ და ისინი, ვინც რომში ითამაშა, სხვანაირად მუშაობდნენ. მაგრამ, ჩვენ გვყავს დასვენებული მოთამაშეები, რომელთაც ვენდობით და მოედანზე გავუშვებთ”.
შესაძლებლობების ზღვარი
პროფესიონალმა შესაძლებლობების ზღვარს უნდა გადააბიჯო. გარდა ამისა, ყველაფერი რაც გიყვარს, მსხვერპლშეწირვას მოითხოვს. ვალდებული ხარ პასუხისმგებლობა იგრძნო, საქმეში შესაძლებელი და შეუძლებელი ჩააქსოვო. სწორედ ასე შემოიკრებ უამრავ ხალხს, რომელსაც უყვარხარ.
რომა-ნაპოლის შესახებ
გამაკვირვა, როგორ მოვიპოვეთ სამი ქულა. გამაკვირვა ოსიმენმა. ცოტ-ცოტა ყველაფერმა გამაკვირვა. ჩვენ ხომ ვალდებულები ვართ, იმ ქალაქის განსხვავებულობა, რომელშიც ვცხოვრობთ მოედანზე გავიტანოთ. მე ყოველთვის ვცდილობ, თამაშში რაც შეიძლება მეტი კარგი ფეხბურთელი მონაწილეობდეს, გავიდეს გოლები, იყოს საინტერესო ეპიზოდები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორ თამაშობს დაცვის ხაზი.