„სტადიო ოლიმპიკოზე” გამარჯვებით ლუჩანო სპალეტიმ კარიერაში პირველად დაამარცხა ჟოზე მოურინიუ, მაგრამ მნიშვნელოვანი მარტო ეს არ იყო, მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ ამ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „რომას” ყველაფრით აჯობა. ეს იყო ლუჩანოს ულამაზესი გამარჯვება, რომელიც თავის დროზე ცხოვრობდა ამ სტადიონზე, „ჯალოროსიში” მუშაობა მისი ოცნება იყო, მაგრამ „ოლიმპიკო” მტრად მოუტრიალდა. იმ სეზონზე, მედიაში იმიტომ კი არ ლაპარაკობდნენ, რომ სპალეტიმ მაურიციო სარის მშვენიერ „ნაპოლის” გაუსწრო და მეორე ადგილი დაიკავა, არამედ იმიტომ, რომ მას ფრანჩესკო ტოტისთან ჰქონდა კონფლიქტები.

კვირას მატჩი დასრულდა სპალეტონეს დამსახურებული გამარჯვებით, მოურინიუს კი ეყო სითამამე ეთქვა, რომ ის ლიდერთან შეხვედრისთვის მსაჯის მასიმილიანო ირატის თვისებების შესწავლით ემზადებოდა და რომ ამ მატჩში გამარჯვების ღირსი „რომა” იყო. არადა, რომ გაიმარჯვო, გოლი უნდა გაიტანო, ხოლო გოლი რომ გაიტანო კარში უნდა დაარტყა: ეს ელემენტარული ლოგიკაა, რომელიც ისეთმა ცნობილმა მწვრთნელმა, როგორიც არის მოუ, კარგად იცის. „რომას” მთელი თამაშის განმავლობაში კარში ერთხელაც არ დაურტყამს, ალექს მერეტს ბურთის მოგერიება არ დასჭირვებია. მაშ, გოლს როგორღა გაიტანდა? გასულ სეზონში სპალეტის არ გაუმართლა: 2021 წლის 22 დეკემბერს „სპეციასთან” წააგო 0:1 — იმ შეხვედრის ერთადერთი გოლი ჟუან ჟესუსმა თავის კარში შეაგდო, არადა მეტოქეს ფუორიგროტელთა (ნეაპოლის ჩრდილოეთ გარეუბანია) კარში საერთოდ არ დაურტყამს. ასეთი რამ მწვრთნელს ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება შეემთხვას. მთავარი ისაა, ამის შემდეგ შენ როგორ წარმართავ საქმეებს.

დღეს იტალიური ფეხბურთი სპალეტის „ნაპოლის” შესანიშნავი ფეხბურთის გამო ასხამს ხოტბას, აქებს იმიტომ, რომ გუნდს ინდივიდუალური ხელწერა აქვს და ამ ხელწერას ისეთ რთულ მოედნებზეც ამჟღავნებს, როგორიც არის „სტადიო ოლიმპიკო”, სადაც „ნაპოლიმ” მეორე ტაიმში „რომა” გააქრო. სპალეტის არ აქებენ მარტო იმიტომ, რომ ის ცხრილში პირველ ადგილზეა.

ლუჩანოსა და ჟოზეს გუნდები გასულ სეზონთან შედარებით ძალიან შეიცვალნენ და აქ ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ გუნდებს შორის 16 ქულიანი სხვაობა, რომელიც მაისში, 38-ე ტურის შემდეგ იყო „ნაპოლის” სასარგებლოდ, ახლა აღარ შეინიშნებოდა.

ფრანჩესკო დე ლუკა, „ილ მატინო”