საფრანგეთის პრო დ2-ის მე-8 ტური ქართველი ლეგიონერებისთვის უჩვეულოდ შედეგიანი გამოდგა.
უფრო ზუსტად რომ ითქვას, ეს შედეგიანობა ორ კაცზე მოდის. ორმა ქუთაისელმა, ორმა ბორჯღალოსანმა – ოთარ გიორგაძემ და თედო აბჟანდაძემ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, ჯამში თავის „მონტობანს“ 21 ქულა შესძინეს, მაგრამ გუნდმა „გრენობლთან“ საშინაო მატჩი მაინც დათმო – 33:34, მცირე სხვაობით მარცხისთვის სანუგეშო ბონუსი მიიღო და გასავარდნ ზონაშიც დაქვეითდა.
მე-20 წუთზე გრენობლის 5-მეტრა ხაზთან შერკინება დაინიშნა, 8 ნომერზე მდგარმა გიორგაძემ ბურთი ფეხით ათრია და საჭირო მომენტში ხელში ატაცებით ლელოში გადახტა. ლელო მეტად ეფექტური გამოვიდა და მისი რეალიზაცია აბჟანდაძემ ითავა, რომელიც ასევე მასპინძელთა სასტარტოში იყო. ჰოდა, ბორჯღალოსანმა პლეიმეიკერმა კიდევ ერთი გარდასახვა მიითვალა და ზედაც 4 ზუსტი საჯარიმო დარტყმაც დაურთო, რამაც ჯამში 16 ქულა შეადგინა, მაგრამ „მონტობანი“ მარცხისგან ვერც ბირჯღალოსნებმა იხსნეს.
ტურში აღსანიშნავი კიდევ ერთი ქართველის პროფესიული დებიუტი იყო. „ორიაკის“ შემადგენლობაში 80-ვე წუთი შეუცვლელად 21 წლის გარემარბმა დაჩი პაპუნაშვილმა ჩაატარა. „ორიაკმა“ კარკასონში 9:27 წააგო და მის შემადგენლობაში პაპუნაშვილის გარდა კიდევ 5-მა ჩვენებურმა ითამაშა.
ზოგადად ტურში 18-მა ქართველმა ლეგიონერმა იასპარეზა და პლუს ამას ლაშა ტაბიძე „ბიარიცის“ მარქაფაში დაუსაქმებელი დარჩა.
ამასობაში ლიგის ცხრილში უქართველებოდ მოთამაშე გუნდები დაწინაურდნენ. „ოიონაქსს“ 26 ქულა აქვს, „აჟენს“ – 25, „ვანს“ – 23, მომდევნო ადგილებზე კი 21-21 ქულით „ბიარიცი“, „გრენობლი“, „რუანი“ და „კოლომიე“ განლაგდნენ.
პარალელურად ინგლისში თავისი მორიგი მატჩი „გლოსტერმაც“მოიგო, რომელიც სეზონს საუცხოოდ ატარებს. გიორგი კვესელაძე კვლავაც გლოსტერელთა სასტარტოში იყო და 57 წუთიც ითამაშა.