ხვიჩა კვარაცხელია და ლუკა ლოჩოშვილი კვლავ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს 11 იანვარს ნეაპოლში, „დიეგო მარადონაზე” მოხდება: „ნაპოლი” იტალიის თასის მერვედფინალში „კრემონეზეს” უმასპინძლებს.
ნეაპოლელთა და კრემონელთა შეხვედრის ამბავი მას მერე გახდა ცნობილი, რაც „კრემონეზემ” სერია B-ში მე-10 ადგილზე მყოფ „მოდენას” უმასპინძლა და დამატებით დროში 4:2 მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა. „მოდენას” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი 22-ე წუთიდან უმცირესობაში იყო. მას ნახევარმცველი ლუკა მანინო გაუძევეს მოედნიდან. მანინომ მოკლე დროში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა. მეორე ეპიზოდში მან კარგად იცოდა, რომ მოედნიდან გაძევება არ ასცდებოდა, მაგრამ გადაწყვიტა მეტოქე რადაც უნდა დაჯდომოდა, გაეჩერებინა.
მეორე ტაიმში „კრემონეზე” 77-ე და 84-ე წუთებზე გატანილი გოლებით დაწინაურდა – 2:0, მაგრამ 89-ე და 90-ე წუთებზე ჩადენილი დოყლაპიობის გამო დამატებით დროში მოუხდა ოფლის ღვრა.
ლოჩოშვილს „მოდენასთან” არ უთამაშია. მან სერია A-ს ბოლო შეხვედრაში, „სპეციასთან”, ძლიერად დარტყმულ ბურთს კარისკენ გზა თავით გადაუღობა და სათასო მატჩში დასვენება მოუხდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი” მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე შეხვდა „კრემონეზეს” — სტუმრად 4:1 მოიგო. იმ მატჩში კვარაცხელიამ სტუმართათვის პენალტი მოიგერია და საგოლე გადაცემა შეასრულა, ლოჩოშვილმა კი ღირსეულად ითამაშა იტალიის ნაკრების თავდამსხმელის ჯაკომო რასპადორის წინააღმდეგ.