დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: „სევილიასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში სტუმრების ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ჩინებულად ითამაშა, გამორჩევით ვარსკვლავური კი პირველ ტაიმში გახლდათ, როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში ორჯერ იხსნა „ღამურების” კარი გოლისგან: გიორგიმ ორივე ეპიზოდში რაფა მირი გაამწარა — ჯერ შორიდან გასროლილი აუღო, კუთხურს კი „ვალენსიას” მეორე შეტევა და მირის თავური მოჰყვა, რომელიც სასწაულებრივად მოიგერია.

მამარდას მეორე ტაიმშიც მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ამჯერად მან ნემანია გუდელს არ გაატანინა, თუმცა გუდელს ერთი ხნის შემდეგ კიდევ მიეცა შანსი, რომლიც თავად ვერ გამოიყენა — თავურით ხარიხას გაარტყა ბურთი.

ეჭვი არ არის, მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში ედინსონ კავანის მიერ მე-6 წუთზე თავით გატანილ გოლთან ერთად შეხვედრის მთავარ სანახაობად დარჩებოდა, შესვენების შემდეგ დრამატული მოვლენები რომ არ დატრიალებულიყო. უპირველესად ის უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში ინიციატივა მთლიანად „სევილამ” მოიპოვა და 86-ე წუთზე ერიკ ლამელამ ანგარიში გაათანაბრა. მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა, რაც რეალურად 12-13 წუთს გაგრძელდა. სწორედ ამ პერიოდში მოპარა ჯასტინ კლუივერტმა ხესუს ნავასს ბურთი. ნიდერლანდელი მეკარესთან პირისპირ შედიოდა, მაგრამ მას პაპუ გომესი დაეწია და მოცელა. შეტევა აქ არ შეწყვეტილა, „ვალენსიამ” მოქმედება მასპინძელთა საჯარიმოში გააგრძელა, სადაც ტიერი რენდალი კიკე სალასმა წააქცია. მსაჯმა თავიდან კლუივერტის წაქცევისთვის პაპუ გომესი გააძევა და ჯარიმა დანიშნა, მაგრამ VAR-მა მას ეპიზოდის მონიტორზე გადახედვა ურჩია, რის შედეგადაც გომესის წითელი ყვითლით შეიცვალა, წითლით კიკე სალასი დაისაჯა და დაინიშნა პენალტი, რომელიც… კაპიტანმა ხოსე გაიამ ვერ გაიტანა — მაროკოელმა მეკარემ ბონომ აუღო.

„პენალტმა გაგვაკვირვა. ხანდახან ვერ ვხვდები მსაჯები რანაირად აღიქვამენ ამა თუ იმ ეპიზოდს. პენალტის აღება კი ინტუიციასა და იღბალზეა დამოკიდებული”, — თქვა ბონომ.

„ფრე სამართლიანი შედეგია. პირველ ტაიმში ჩვენ ვითამაშეთ უკეთესად, მეორეში – „სევილიამ”. რაც შეეხება პენალტს, მარადონასაც აუცილებია, — ასეთი გახლდათ ვალენსიელთა თავკაცის ჯენარო გატუზოს აზრი.

გატუზოს გიორგი მამარდაშვილის ჩინებული თამაშის შესახებ ჰკითხეს.

„მეც ასე ვფიქრობ, რომ ჩინებულად ითამაშა — უპასუხა იტალიელმა, — დღეს გაიამ ვერ გაიტანა, წინაზე გიორგის შეეშალა და ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა. ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ვისაც ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ თამაშში შეცდომაც შედის”.