კვირას სერია A-ში ჩინებული თამაში ჰქონდა „კრემონეზეს” ქართველ ცენტრალურ მცველს ლუკა ლოჩოშვილს. „სპეციასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ლუკას სულ 61 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ საგოლე პასი შეესრულებინა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბურთი ლუკასგანაც შედიოდა მასპინძლების კარში, მაგრამ სირილ დესერსმა თავი დაიზღვია და ფეხი მიარტყა.

ლოჩოშვილმა თავის პირდაპირ მოვალეობას, დაცვაში თამაშსაც ღირსეულად გაართვა თავი. ერთადერთი სამწუხარო ის იყო, რომ 78-ე წუთზე ქართველმა მეტოქის დარტყმას კარისკენ გზა თავით გადაუღობა და შესაცვლელი გახდა.

დესერსის გოლს „სპეციამ” მე-19 წუთზე მ’ბალა ნზოლას, ხოლო 22-ეზე ემილ ჰოლმის გოლებით უპასუხა, თუმცა შესვენების შემდეგ კრემონელები არ დანებდნენ და 52-ე წუთზე შარლ პიკელმა თავურით გაათანაბრა ანგარიში. „კრემონეზეს” მოგებაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძლო.

10 ტურის შემდეგ „კრემონელები კვლავ ბოლოსწინა მე-19 ადგილზე არიან და 3 ქულით ჩამორჩებიან „ბოლონიას”, რომელიც „ნაპოლისთან” დიდ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა და გასავარდნთა ზონის ზემოთ პირველი გუნდია. შემდეგი შეხვედრა „კრემონეზეს” შინ აქვს აუტსაიდერ „სამპდორიასთან”. თამაში 24 ოქტომბერს გაიმართება.