„ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ელჩესთან” 2:2-ის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რით ხსნით „ვალენსიას” არასტაბილურობას?
პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი ერთმანეთს ბევრი უზუსტო პასი გადავაწოდეთ. ყველაფერში შეცდომებს ვუშვებდით. ბევრი ფეხბურთელი მეტოქის რიგებში არ შერბოდა. აი, ეს იყო პრობლემა. ნორმალური იქნებოდა პირველი ტაიმის პირველ 20 წუთში სამი გოლი რომ გაგვეტანა.
თამაშამდე ამბობდით, რომ ეს შეხვედრა გაშინებდათ. რაც ვნახეთ სწორედ იმას გულისხმობდით?
მოედანზე რომ გადიხარ 100 პროცენტით უნდა დაიხარჯო. ძალიან მომეწონა როგორ დავიწყეთ, მეორე ტაიმი კი ცუდი იყო. ჩვენნაირი გუნდისთვის, რომელიც ბევრს უტევს, ბურთის დაკარგვა სახიფათოა.
მეორე ტაიმში ზედმეტმა თავდაჯერებულობამ ხომ არ დაგაზარალათ?
ბურთის გამოტანაში ბევრი შეცდომა დავუშვით. პოზიციას აწყობისას ვკარგავდით. როდესაც უტევ და ბურთს კარგავ, მერე უკან გაქცევა ძნელია.
კავანის ჯანმრთელობაზე თუ იცით რამე?
კოჭი გადაუბრუნდა. მის მდგომარეობას ხვალ უფრო ზუსტად შევაფასებთ.
თქვენს კარში არჩათვლილ გოლზე რას იტყვით?
ჩვეულებრივი გოლი იყო, უბრალოდ მსაჯს მის გატანამდე უკვე დასტვენილი ჰქონდა. არბიტრი შეცდა, „ელჩესთვის” შეტევის გაგრძელების უფლება უნდა მიეცა, მაგრამ დაუსტვინა და ვეღარაფერს შეცვლიდა.
შეხვედრამ ფიზიკურად და მენტალურად ხომ არ დაგღალათ? სამშაბათის თამაშის წინ გყავთ დაშავებულები?
მოგება გვინდოდა და ვერ მოვიგეთ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ბოდიშს ვუხდი „მესტალიაზე” მოსულ 43 000 გულშემატკივარს. გაიას პრობლემა არ აქვს, უბრალოდ დაიღალა. ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ის იყო, რომ ბევრი ფეხბურთელი დაიღალა.
რას იტყვით კავანის თამაშზე?
ის დიდი ფეხბურთელი და დიდი ადამიანია. მოედანსა და გასახდელში ყოველთვის პოზიტიურ სიტყვებს პოულობს, ბევრისთვის მაგალითია. ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ მან „ვალენსიას” მაისურით პირველი გოლები გაიტანა. იმედი მაქვს, რომ სერიოზულად არ დაშავებულა.
თქვენ ამბობდით, რომ ეს შეხვედრა იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ზედიზედ მოგება უნდა გესწავლათ. ამ მხრივ ფრე წაგებას ხომ არ ჰგავდა?
მეგონა, რომ წავაგებდით. ფრემ ამიტომ გამახარა. აი, ეს არის სიმართლე. წაგების მეშინოდა. იმ ფეხბურთისთვის, მეორე ტაიმში რომ ვითამაშეთ, ფრე კარგი შედეგია. არადა, ყველა გამარჯვებას ელოდა. გასახდელშიც იგრძნობოდა, რომ ბიჭები გამარჯვებისთვის აპირებდნენ ბრძოლას. ამიტომაც, ახლა სამშაბათის თამაშზე უნდა გადავერთოთ.
რამ განაპირობა შესვენებისას გუნდის ასე შეცვლა?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. ნახევარდაცვაში 14-15 პასის დაკარგვა ნიშნავს, რომ როდესაც მეტოქე კონტრშეტევას იწყებს, შენი 6 ფეხბურთელი წინ რჩება. ბურთს რომ კარგავ, ყველა უკან უკან უნდა გამოიქცეს.