„ნაპოლის” მექსიკელმა თავდამსხმელმა, 27 წლის ირვინგ ლოსანომ ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსს” გოლი გაუტანა და მყისიერად განახლდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მისი ყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედს” უნდა. წერენ, რომ ინგლისური კლუბი „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის თანხმობასღა ელოდება, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი მზად აქვს.
ლაპარაკია ლოსანოს იანვარში გადაბირებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, „ოლდ ტრეფორდიდან” „მარადონაზე” ოფიციალური მოთხოვნა არ მისულა. ვარაუდობენ, რომ ნეაპოლელებს ამ ეტაპზე მარჯვენაფლანგელის გაყიდვა წესით არ უნდა უნდოდეთ, ერიკ ტენ ჰაგს კი პირიქით, ახალი გუნდის მშენებლობის პროცესში ლოსანოთი გაძლიერება სურს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სპალეტი ლოსანოსა და მატეო პოლიტანოს მეტ-ნაკლები მონაცვლეობით ათამაშებს.