29-ე ტურში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ: ფიფას ეგიდით, საქართველოს ჩემპიონატში პირველად გამოიყენეს ვიდეოასისტენტრეფერის სერვისი – VAR.
ვარ-მა ლიდერთა მატჩში („დინამო“ – „ბათუმი“) იმუშავა და შეხვედრის მსვლელობაზეც მოახდინა გავლენა. 79-ე წუთზე, მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა, განელი ოსეი ბარნსი სწორედ ჩვენთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ გააძევა.
ლიდერი დინამო
ლიდერთა მატჩში კი „დინამომ“ „ბათუმს“ 1:0 მოუგო და წლევანდელ სეზონში პირველად გალიდერდა. ერთადერთი ბურთი დავით სხირტლაძემ გაიტანა თავურით.
„დინამოს“ უკვე 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (8 მოგება, 1 ფრე) და ისეთ ფორმაშია, ალბათ ზღვისპირელებს გაუჭირდებათ მათი შეჩერება. თუმცა, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კარგი ამბავია – სეზონის ფინიში დიდ დაძაბულობას გვპირდება.
დინამოელებს დაუბრუნდათ გულნაოპერაციევი მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი. გიორგი იმ დღეს იუბილარი ყოფილა ჰქონია და მშვენიერი საჩუქრიც მიიღო.
„დინამომ“ 2 ქულით გაუსწრო „ბათუმს.“ არადა, ცოტა ხნის წინათ გია გეგუჩაძის ბიჭები 9 პუნქტით უსწრებდნენ უშუალო კონკურენტს.
ტორპედოს შეწყვეტილი სერია
საინტერესო იყო უშუალო კონკურენტების, ევროზონისთვის მებრძოლი „დილასა“ და „ტორპედოს“ შეხვედრა. ქართლელებმა თორნიკე კაპანაძის დუბლით დაამარცხეს იმერლები – 2:1 (სტუმართაგან გიორგი არაბიძემ გაიტანა) და მესამე ადგილზე დაბრუნდნენ. „ტორპედომ“ კი 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (7 მოგება, 2 ფრე).
„დილა“ 25-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა ჯენერი ხორავამ გორელთა უკრაინელი მეკარე, დანილო კანევცევი გააძევა, მასთან პირისპირ გასულ პარაგვაელ მაურო კაბალიეროსთან უხეშობისთვის. ეს წითელი ბარათი ერთობ საეჭვო გახლდათ.
სხვა
წყალტუბოს „სამგურალმა“ ზედიზედ სამწაგებიანი სერიის შემდეგ ჯავრი აუტსაიდერ „ლოკომოტივზე“ თბილისში იყარა – 4:1. ანგარიში ტადიციულად „რკინიგზელებმა“ გახსნეს, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
„საბურთალომ“ მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო („გაგრასთან“ – 2:1) და ევროზონაში მოხვედრის შანსი კიდევ აქვს. ფლეი-აუტის კანდიდატებმა, „თელავმა“ და „სიონმა“ კი „კავკასიონ არენაზე“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს – 0:0.
დილა 2:1 ტორპედო
1:0, 2:0 კაპანაძე (11, 22), 2:1 არაბიძე (23)
გაძევება: კანევცევი (25) – დილა
დინამო 1:0 ბათუმი
1:0 სხირტლაძე (69)
გაძევება: ბარნსი (79) – დინამო
საბურთალო 2:1 გაგრა
1:0 მამაცაშვილი (9), 1:1 მაქაცარია (52 პენ), 2:1 მამაგეიშვილი (83)
ლოკომოტივი 1:4 სამგურალი
1:0 კახაბრიშვილი (37), 1:1 რუხაძე (40), 1:2 სიმდიანკინი (43), 1:3 ბურჯანაძე (74), 1:4 ბაშელეიშვილი (75)
თელავი 0:0 სიონი
გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
---|---|---|---|---|---|---|
დინამო | 35 | 23 | 8 | 4 | 71:28 | 77 |
ბათუმი | 35 | 23 | 7 | 5 | 85:32 | 76 |
სამგურალი | 35 | 15 | 12 | 8 | 55:41 | 57 |
დილა | 35 | 16 | 8 | 11 | 45:35 | 56 |
ტორპედო | 35 | 15 | 8 | 12 | 46:46 | 53 |
საბურთალო | 35 | 13 | 8 | 14 | 51:48 | 47 |
თელავი | 35 | 7 | 17 | 13 | 28:36 | 36 |
გაგრა | 35 | 9 | 9 | 17 | 35:55 | 36 |
სიონი | 35 | 7 | 12 | 16 | 33:58 | 33 |
ლოკომოტივი | 35 | 1 | 5 | 29 | 26:96 | 8 |
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 11, სტანისლავ ბილენკი (დინამო) – 10, ნიკა ხორხელი (სიონი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 9, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი/ ნაპოლი იტალია), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), ვაგნერ გონსალვესი (დილა/ შკენდია მაკედონია) – 8.