იტალიური „კორიერე დელო სპორტი” „ნაპოლის” მიერ „აიაქსის” 6:1 განადგურებას უბრუნდება და წერს, რომ ამ შეხვედრაში იყო ორი მხარე — „აძური”, რომელმაც შთამბეჭდავი გამარჯვებით თავის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი ფურცელი ჩაწერა და „შუბოსნები”, რომელთაც ასევე ისტორიული, ოღონდ უმძიმესი დღე ჰქონდათ.

გაზეთი წერს, რომ „აიაქსს” ეს საღამო შედეგის გარდა გულშემატკივრის პროტესტითაც დაამახსოვრდება. იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე შეკრებილი ამსტერდამელი ქომაგი ამ დღეს სამ ნაწილად დაიყო. პირველმა ნაწილმა ტრიბუნები შეხვედრის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე დატოვა, მეორემ ხმამაღლა უსტვინა თავის ფეხბურთელებს, მესამემ კი ტაშით დასცინა. დაცინვის ყველაზე დიდი ობიექტი მწვრთნელი ალფრედ შრიოდერი გახდა, რომელსაც მაყურებელმა დაგვიანებული შეცვლები არ აპატია. მეორე ტაიმის მიწურულს ხალხი მის შეცვლებს ირონიული ტაშით ეგებებოდა.

„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ სამშაბათი საღამო ამსტერდამელებმა მართლაც სწრაფად უნდა დაივიწყონ, მაგრამ არსებობს „ფეარ ფლეიც”. იტალიურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აძლევს „ნაპოლის” თანამშრომელი აიაქსელ კოლეგას თავისი გუნდის ოთხ მაისურას და მათ გაცლას სთხოვს, თან დასძენს, თუ შესაძლებელია, ერთი ბლინდის იყოსო. ცოტა ხანში ამსტერდამელი მენეჯერი ბრუნდება, ნეაპოლელებს მაისურებს უბრუნებს და ეუბნება, რომ „აიაქსის” ფეხბურთელებმა გაცვლა არ ინებეს.

1:6 წაგებით გამოწვეული შოკი მასპინძლებისთვის მართლაც მძიმე გამოდგა. ზოგი მათგანი განსაკუთრებით აჰყვა ნერვებს და ჯერ კიდევ თამაშის დროს დაიწყო ცუდად ქცევა, უხეშობა. იტალიური გაზეთის აზრით ამ მხრივ განსაკუთრებით 33 წლის სერბი, „აიაქსის” კაპიტანი დუშან ტადიჩი გამოირჩეოდა.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ „ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას სწორედ ტადიჩმა ჩაარტყა ფეხი, რის გამოც ხვიჩა იძულებული გახდა მოედანი მალე დაეტოვებინა.

„ნაპოლისა” და „აიაქსის” საპასუხო შეხვედრა შემდეგ ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს გაიმართება.