გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ბარსელონაში, „ესპანიოლთან” 2:2 ითამაშა და მართალია ოთხიდან ყველაზე კურიოზული სტუმრების ბოლო გოლი გახლდათ, ჩვენ მესამე გვაინტერესებს: რასაკვირველია ქართველი მეკარე ამ ეპიზოდში შეცდა, მაგრამ მოდი ვნახოთ, თუ რას წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS:
„მართალია სერხი დარდერს კომბინაციური ფეხბურთი უყვარს, მაგრამ ის კიდევ ერთი თვისებით გამოირჩევა — სოლისტია და ქაოსურ სიტუაციებში კარგად ერკვევა. მან არ იცის აქვს თუ არა ორკესტრის დირიჟორის ან როკ-ვარსკვლავის უნარები, თუმცა კვირას, „ვალენსიასთან” ასეთად მოგვევლინა. ეპიზოდში, რომელიც თავიდან თითქოს არაფრით იყო გამორჩეული, მან ის თვისებები გამოავლინა, რომელთა წყალობითაც არის უნიკალური. მისმა ტექნიკურმა შესაძლებლობამ, დაუსხლტეს მეურვეს; მისმა აღნაგობამ, რომელიც საშუალებას აძლევს ბურთით უფრო სწრაფად გასხლტეს, ვიდრე უბურთოდ და მისმა შხამიანმა დარტყმამ, რომელსაც ნაწილობრივ გარე-ტერფით და ნაწილობრივ ზედა ნაწილით ასრულებს, მამარდაშვილი გაოცებული დატოვა”.
„მარკა” წერს, რომ დარდერმა, ისევე როგორც „ესპანიოლის” პირველი გოლის ავტორმა ხოსელუმ დიდებული გოლები გაიტანეს, plazadeportiva-ს კი მიაჩნია, რომ ქართველს ამ ეპიზოდში უკეთ უნდა ეთამაშა, რაც რასაკვირველია მართალია.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გიორგიმ ამ შეხვედრაში ორჯერ იხსნა ვალენსიელთა კარი გოლისგან.
მატჩის შემდეგ, „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ თქვა: „ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ეს თამაში რომ წაგვეგო, წარმოუდგენელი იქნებოდა. მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. რაც შეეხება მეორე გოლს, ჩვენ ვიცოდით აქაური მინდვრის თავისებურება… ამ კვირაში მეორე ბურთზე ბევრი ვივარჯიშეთ, ხარისხიანადაც ვითამაშეთ, მაგრამ მოგებაც უნდა ვისწავლოთ.
დღეს არაფერი გვაკლდა. საერთოდ, ამ სეზონში ერთადერთხელ ვითამაშეთ ცუდად, სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან”, დღეს კი გუნდით კმაყოფილი ვარ. 1:0-ს რომ ვიგებდით, ცოტა მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, მოვლენები ასე არ განვითარდებოდა. რას იზამ, სუპერმარკეტში ვერ მიხვალ და ვერ ეტყვი 200 ევროს გამოცდილება მომყიდეთო”.
ჩემს გუნდებს ასეთი რამ ხშირად ემართებათ, ყველა წინ მირბის ბურთის გასატანად. ჩვენი მიდგომის თანახმად, გოლი სხვადასხვა ფეხბურთელებმა უნდა გაიტანონ. ამიტომ, ყურადღებასა და სიფრთხილეზე ვარჯიში გვმართებს”.