ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” სერია A-ში დაბრუნების შემდეგ პირველი თამაშის მოგება შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა — სტუმრად, „ლეჩესთან”, „სტადიო ვია დელ მარეზე” 1:1 ითამაშა. გუნდებმა პირველ ტაიმში პენალტები გაუტანეს ერთმანეთს.

ეს გახლდათ გასული სეზონის სერია B-ს ჩემპიონისა და მეორე ადგილზე გასულის შეხვედრა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ სერია A-ში ამ ორი გუნდის დაპირისპირება ბოლოს „კრემონეზეს” ჰქონდა მოგებული 1994 წელს. ლოჩოშვილის გუნდს შეეძლო 28 წლის წინანდელი შედეგის გამეორება, სახიფათო მომენტებიც შექმნა, მაგრამ მოგება ვერ მოახერხა.

გუნდებმა ქულები გაიყვეს. შედეგად, მათ ცხრილში ადგილები ვერც გაიუმჯობესეს და არც გაიუარესეს — „კრემონეზე” ბოლოსწინა ადგილზეა, „ლეჩე” მეცამეტესე.

„ლეჩეს” სერია A-ში 2020 წლის თებერვლის შემდეგ არ მოგია, „კრემონეზეზე” კი რა მოგახსენოთ. 26 წელია უმაღლეს ლიგაში არ ყოფილა.

„მინდა ჩემი ფეხბურთელები შევაქო. ცუდად მხოლოდ „ლაციოსთან” ვითამაშეთ, მანამდე ფრედ დავასრულეთ „ატალანტასთან” და „სასუოლოსთან”. რაც შეეხება იმ შეხვედრებს, რომლებშიც დავმარცხდით, გულწრფელად გეტყვით, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით.

ვიცნობ რა ჩემს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს კარგად ვითამაშებდით, მაგრამ ვერ მოვიგეთ. რა გაეწყობა, ასეთია ფეხბურთი”, — თქვა მატჩის შემდეგ „კრემონეზეს” მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ.