მომავალი, 29-ე ტური, შესაძლოა, ერთ-ერთი გადამწყვეტი გამოდგეს მიმდინარე სეზონში, როგორც ცხრილის ზედა, ასევე ქვედა ნაწილშიც.
ამ ტურს კი ბევრი არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ვითარება უფრო დაძაბა. ჯერ ის ვთქვათ, რომ სანაკრებო პაუზამ ეტყობა ფეხბურთელებზე მაინცდამაინც დადებითად არ იმოქმედა. 5 მატჩში სულ 5 გოლი გავიდა, რაც სეზონის ანტირეკორდია. მანამდე ასეთად მე-13 ტურში გასული 7 ბურთი ითვლებოდა.
ბათუმის ევროაჩრდილი
ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა – „ბათუმმა“ და „დინამომ“ მატჩები ფრედ დაასრულეს. ამისდაკვალად, მათ შორის სხვაობა ისევ ერთი ქულაა. პარასკევს, 7 ოქტომბერს, „დინამო“ ზღვისპირელებს უმასპინძლებს და ალბათ ამ შეხვედრაში ბევრი რამ გაირკვევა.
თბილისელები ზესტაფონში ბოლო დროს მოფერიანებულ „ტორპედოს“ დაუპირისპირდნენ. თუმცა მატჩი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. დაძაბულობა იყო, მომენტები ნაკლებად. დინამოელები მინდორზე ისევ გიორგი ჭიაბრიშვილის თანაშემწემ, გიორგი დეკანოსიძემ გაიყვანა.
„ბათუმი“ კი ბოლნისში „სიონს“ ესტუმრა და ასევე ფრედ ითამაშა. გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, შეხვედრა კი კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს. ანგარიში ბათუმელთა სერბმა მილან რადინმა გახსნა. საპასუხო კი ექსმარსელელ-გარეჯელმა ფრანგმა, გი გნაბუიუმ გაათაბრა.
ევროთასების შემდეგ „ბათუმმა“ აშკარად დაკარგა თამაშის ხარისხი. ეტყობა „სლოვანის“ აჩრდილი კვლავაც დასტრიალებთ თავს.
სხვა სამგურალი
„სამგურალმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ისევ 0:3. წყალტუბოელთა კრიზისი აშკარაა და დამრიგებელ გიორგი მიქაძეს სერიოზული დაფიქრება მოუწევს მდგომარეობის გამოსასწორებლად. არადა, მეორე წრეში ის ელიგის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს, „სამგურალი“კი ამავე წრის ვირტუალური (ქულების მიხედვით) გამარჯვებული გახდა და ევროზონაში მოხვედრაზეც აალაპარაკა საფეხბურთო საზოგადოება.
საბურთალოელებმა მიჯრით მესამე მატჩი მოიგეს საერთო ანგარიშით 11:1. მათ რიგებში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ლაშა პარუნაშვილის დებიუტი შედგა.
უიღბლო თელავი
„კავკასიონი არენაზე“ მოვლენები დრამატულად განვითარდა. „თელავი,“ რომელსაც ბოლო 8 მატჩში არ გაემარჯვა, აუტსაიდერ „ლოკომოტივს“ ხვდებოდა და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, სამი ქულის მოპოვების იმედიც ჰქონდათ (სხვათა შორის, ბოლოს კახელებს სწორედ „რკინიგზელები“ დაემარცხებინათ 26 ივნისს).
მაგრამ თავიდან მასპინძლებს სტუმრებმა აჯობეს, რომლებსაც პირველად ხელმძღვანელობდა ახალი მთავარი მწვრთნელი (მიმდინარე სოზოში მეოთხე – ლაშა ჭაღიაშვილის, ლექსო ინწკირველისა და ჯონ ვან ლუნის შემდეგ) გიორგი მინაშვილი.
კულმინაცია კი უკვე კომპენსირებულ წუთებზე (90+5) მოხდა, როცა თელაველმა ცოტნე კაპანაძემ თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა. ოთო გოშაძემ აუღო.
ზემოთ „დინამო“ – „ბათუმი“ ვახსენეთ და მომდევნო ტურში კიდევ ორი უნმიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართება – ევროსაგზურის მაძიებელი „დილა“ უშუალო კონკურენტ „ტორპედოს“ უმასპინძლებს. „სიონი“ კი ასევე ფლეი-აუტის ზონასთან ახლოს მყოფ „თელავს“ ესტუმრება.
თელავი 0:0 ლოკომოტივი
გაგრა – დილა 0:0
სამგურალი 0:3 საბურთალო
0:1 თევზაძე (12 საკ, კარში), 0:2 მამაგეიშვილი (40), 0:3 გულიაშვილი (85)
გაძევება: საკი (90) – სამგურალი
ტორპედო 0:0 დინამო ზესტაფონში
სიონი 1:1 ბათუმი
0:1 რადინი (24), 1:1 გნაბუიუ (55)
გაძევება: ბიძინაშვილი (42) – ბათუმი; ბექაური (76) – სიონი
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 15, ირაკლი სიხარულიძე (საბურთალო) – 11, სტანისლავ ბილენკი (დინამო) – 10, ნიკა ხორხელი (სიონი) – 9, ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმი/ ნაპოლი იტალია), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო), ვაგნერ გონსალვესი (დილა/ შკენდია მაკედონია), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 8