The career and controversies of Juventus legend Zbigniew Boniek - Football  Italiaლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა, უეფას ვიცე პრეზიდენტმა, „იუვენტუსისა” და „რომას” ვეტერანმა ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web Radio/Tv-ს ეთერში სერია A-ს უკვე ჩატარებულ მონაკვეთზე ილაპარაკა. ინტერვიუში ის ისეთ ანომალიასაც შეეხო, როგორიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემოდგომაზე ჩატარებაა.

A star is born” - European media praises Kvaratskhelia for performance  against Liverpool
ჟელინსკი და კვარაცხელია

უპირველეს ყოვლისა ბონეკმა ლიდერი „ნაპოლი” შეაქო. მან „აძურის”  სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა.

„გასულ ზაფხულს ნეაპოლელი მეგობრები ცოტა არ იყოს შეწუხებულები იყვნენ, რადგან ბევრი ფეხბურთელი გაუშვეს, მაგრამ როგორც ხედავთ დიდებული გუნდი ჰყავთ. კვარაცხელიას და კიმის დამატებით მათ დაამტკიცეს, რომ ძლიერი გუნდის გასაკეთებლად ცნობილი ფეხბურთელების ყიდვა სულაც არ არის აუცილებელი.

პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენ მხოლოდ რეკლამირებულ ფეხბურთელებს ვიცნობთ, კვარადონა კი — მე მას ასე ვეძახი — ამასობაში სულ კარგად თამაშობს. მას განსაკუთრებული თვისებები აქვს. წარმოიდგინეთ ის რომ ბრაზილიელი, არგენტინელი ან ხორვატი იყოს, სწორი მენეჯმენტის პირობებში რა ეღირებოდა. „ნაპოლიმ” კი ეს შესანიშნავად მოთამაშე ბიჭი 10 მილიონ ევროდ იყიდა. ნეაპოლელთა მთელი გუნდი კარგად თამაშობს”, — თქვა მან.

შემდეგ ბონეკმა თქვა, რომ იტალიის ჩემპიონატი ჯერ მაინც გზის დასაწყისშია: „იტალიაში გუნდი, ფეხბურთელების ჯგუფი იმარჯვებს. გასულ სეზონში ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა „მილანმა”. დღევანდელი „ნაპოლიც” შესანიშნავი გუნდია. სკუდეტოს თუ მოიგებს? ცოტა მოვითმინოთ. როდის იყო მარათონზე 7 კილომეტრის შემდეგ მსჯელობდნენ. თან, მიმდინარე ჩემპიონატი სხვანაირია, თითქმის ორთვიანმა წყვეტამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კლუბებს ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად როგორ დაუბრუნდებიან. ათასი წვრილმანი და ფაქტორია, რომელმაც შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს.

ვფიქრობ, სკუდეტოსთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს: „ნაპოლი”, მილანის ორი გუნდი, „იუვენტუსი” და „რომა”. გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ხასიათს, ამიტომაც მგონია, რომ „ნაპოლი” ბოლომდე არ დანებდება. გასულ სეზონშიც ამის იმედი მქონდა. კარგია ისიც, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ძლიერად დაიწყო. რაც უფრო მალე გაინაღდებს ადგილს ფლეი ოფში, მით უფრო მალე შეძლებს სპალეტი ყურადღების სერია A-ზე გადატანას.

რაც შეეხება ჩემს თანამემამულე პიოტრ ჟელინსკის, მისი კარგი თამაში სულაც არ მაკვირვებს. გასულ სეზონში ეტყობა კოვიდმა და სხვა ფიზიკურმა პრობლემებმა იმოქმედეს, მაგრამ ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნახევარმცველია. თუ ფსიქოფიზიკურად სწორ ტალღაზე მოიმართება, დიდ ამბებს დაატრიალებს. ძალიან მახარებს მისი ასეთი თამაში”.

და ბოლოს, შემოდგომაზე დანიშნული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ.

„მანჩინიმ თქვა, შემოდგომაზე ფეხბურთზე არ უნდა ვიფიქროთო. მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის გარეშე მართლაც სევდიანი სანახავი იქნება, მაგრამ მე ბევრი საინტერესო ახალგაზრდის გამოჩენას ველი.

იმედი მაქვს მსოფლიოს ჩემპიონატს შემოდგომაზე აღარასოდეს ვნახავთ. მუნდიალი ივნისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყატარში ამ დროს ცხელა. ეს გასაგებია, თუმცა ჩემპიონატის მასპინძლად ყატარის გამოცხადება არ იყო სწორი. ფაქტია, ვიღაც ხალხმა ამ ქვეყანას მისცა ხმა… ეს გულშემატკივრისთვის ცუდი იყო.

პოლონეთის ჯგუფზე რას ვიტყვი? არგენტინა, მექსიკა და საუდის არაბეთი, ძალიან ძლიერი ჯგუფია”.