ბოლო წლებში „ვალენსიადან” კონფლიქტით არავინ წასულა და მართალია იმასთან შედარებით რაც სხვა კლუბებში ხდება კარლოს სოლერის „პარი სენ ჟერმენში” გადაბარგება მოსატანი არ არის, მასზე ორიოდ სიტყვით მაინც ღირს შეჩერება.

სოლერი თხემით ტერფამდე ვალენსიელია. ის ბავშვობიდან „ღამურაა”, დაახლოებით ხუთი წლის წინ კი დიდ გუნდში აიყვანეს და მის მნიშვნელოვან წევრად ჩამოყალიბდა.

მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს, ზედ სატრანსფერო ბაზრის დახურვის წინ სოლერი „პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ წასვლა არ უნდოდა. ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტის განახლება ვერ მოახერხა. უფრო სწორად კლუბმა ვერ ან არ გამონახა რესურსი. ძველ ხელშეკრულებას კი ვადა 2023 წელს ეწურებოდა.

„დიარიო დე ლევანტესთან” ინტერვიუში სოლერმა თქვა: „მინდოდა მთელი კარიერა „ვალენსიაში” გამეტარებინა და ამისათვის ხანგრძლივ კონტრაქტს ვითხოვდი. ახლა 25 წლის ვარ. მსურდა 33,34, 35 წლამდე „მესტალიაზე” დავრჩენილიყავი, მაგრამ კლუბს თავისი დამოკიდებულება აქვს, რომლის გამოც გარკვეულ ვადაზე ხანგრძლივ კონტრაქტებს არ აფორმებს. აქ ჩვენი აზრები გაიყო. „ვალენსიასთვის” ჩემი სურვილი კატეგორიულად მიუღებელი იყო, მისი სხვა წინადადება კი მე არ მაინტერესებდა”.

და სოლერი 18 მილიონ ევროდ — რომელსაც შედეგების მიხედვით შეიძლება 4 მილიონი დაემატოს — „პარი სენ ჟერმენში” გაიყიდა, რამაც „ჩეებს” ედინსონ კავანის ყიდვის საშუალება მისცა.