ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას უმასპინძლებს. ჩვენებმა 0:4 თუ არ წააგეს, ჯგუფში ლიდერად დარჩებიან. პირველობას კი მაიშინ გაინაღდებენ თუ ბოლო ტურში, გიბრალტარში თავს არ შეირცხვენენ. თუმც გიბრალტარზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, ჯერ ჩრდ. მაკედონიასთან არის საქმე გასარკვევი – ჩრდ. მაკედონია კი რა გუნდია და რა ანგარიშები აქვს 23 სექტემბრის მეტოქესთან საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობთ, შეხსენება არ გჭირდებათ… ჩვენები კარგ ხასიათზე ჩანან და განწყობაც ოპტიმისტურია, რაც პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და კაპიტანმა გურამ კაშიამ დაადასტურეს…
ვილი სანიოლი
“ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ფავორიტი. ამ ჯგუფში ყველაზე ძლიერი გუნდი ჩრდ. მაკედონიაა. ჩვენ ჯერჯერობით წარმატებით ვთამაშობთ. მიზანი? მოგება და ჯგუფში პირველი ადგილი! იმედგაცრუებულები ვიქნებით, თუ ასე არ მოხდება.
… ფეხბურთში მიზნად ქულის აღება მიზნად არასდროს დამისახავს. წარმატების საუკეთესო რეცეპტი იმის კეთებაა, რაც კარგად გამოგვდის. ეს დაცვაში თამაშია. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ თუ ისევე მივუდექით ჩრდ. მაკედონიასთან მატჩს, როგორც ივნისის თამაშებს, სასურველ შედეგს მივაღწევთ.
… რთული სათქმელია ბიჭები ახლა უფრო კარგ ფორმაში არიან თუ 3 თვის წინ იყვნენ. სრული შემადგენლობით ჯერ მხოლოდ 1 ვარჯიში ჩავატარეთ. 23 ფეხბურთელი გვყავს და შევეცდები რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენო. უპირატესობა იმ ფეხბურთელებს მიენიჭებათ, რომლებსაც რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვთ.
… სასიამოვნოა როცა ფეხბურთელები მაღალ დონეზე და ბევრს თამაშობენ. როცა გუნდი ჩავიბარე სხვა სიტუაცია იყო. ის მოთამაშეები, რომლებიც პროგრესირებენ, ქართული კლუბების აღზრდილები არიან. ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას და იმედია მომავალშიც ასე გაგრძელდება.
… გუნდში ჯანსაღი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია გუნდში ასეთი დადებითი განწყობა არ ყოფილა. ერთადერთი რისკი ის არის, რომ მოთამაშეები შეიძლება ცოტა მოდუნდნენ. სამწვრთნელო შტაბის დავალებაა, ის რომ ბიჭებს ვუთხრათ, ყველა მატჩს საკუთარი ისტორია აქვს.
გურამ კაშია
… წნეხი ყოველი მატჩის წინ არის, განსაკუთრებით მაშინ როცა ჯგუფის მოგებასთან ახლოს ხარ. რაც შეეხება გულშემატკივარს, ეს ჩვენთვის მოტივაციაა. ყველანი მოტივირებულები ვართ და გვიხარია სავსე „დინამო არენაზე“ თამაში.
… ლოჩოშვილი პროფესიონალია, რამდენიმე წელიწადია ვიცნობ და ეტყობა, რომ ბევრს შრომობს. სერია A-ში ძალიან რთული სათამაშოა. მის 3 თამაშს ვუყურე და კარგი შთაბეჭილება დატოვა. ლუკა პროგრესირებს და იმედია ასე გააგრძელებს. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია.
… ჩრდ. მაკედონიასთან წაგებული ფინალის გახსენება აღარ მსურს. ახლა ერთი-ორად მოტივირებულები ვართ. დღეს ძალიან კარგი და ჯანსაღი გარემობა. კარგი ახალლგაზრდები გვყავს, რისი იმედიც ყველას გვაქვს. ისიც სასიხარულოა, რომ 99% თავის გუნდში რეგულარულად თამაშობს.
… ჩაკვეტაძე მუდამ სავარჯიშო დარბაზშია. ხანდახან თითქოს ჩანს, თითქოს ზარმაცობს, მაგრამ ასე არ არის. გიორგი ფეხბურთით ცხოვრობს. მას დიდი დრო გაუცდა და გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ ოპტიმალური ფორმა დაიბრუნოს. იმედია ის კვლავ მაღალ დონეზე ითამაშებს.