Dutch national football team member Frenkie de Jong is seen during a press conference in Warsaw, Poland on 21 September, 2022.ფრენკი დე იონგმა თქვა, რომ მართალია ერთხანს „ბარსელონაში” მისი დარჩენა-არ დარჩენის საკითხი გაურკვევლად იყო, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა არასდროს სდომებია. 25 წლის ნიდერლანდელი ზაფხულში კატალონიის კლუბთან ფინანსებზე დავობდა. „კამპ ნოუზე” დღემდე მისი მილიონები მართებთ.

„ბარსელონა” დე იონგს სთავაზობდა სხვაგან გადასულიყო, ან ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებას დათანხმებოდა. პარალელურად კატალონიელებმა საერთო ენა გამონახეს „მანჩესტერ იუნაიტედთან”, რომლის თავკაცად, სწორედ ზაფხულში, დე იონგის ყოფილი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნა. ტენ ჰაგი და დე იონგი „აიაქსში” თანამშრომლობდნენ. კლუბები შეთანხმდნენ სატრანსფერო თანხაზეც — 72 მილიონი გირვანქა.

მაგრამ, ფინანსური დავის მიუხედავად, ჰოლანდიელი ფეხბურთელი და „ბარსელონა” დაზავდნენ. როგორც გაირკვა, დე იონგსაც სწორედ ეს სურდა.

— „ბარსელონადან” წასვლა ერთი წუთით არ მნდომებია, — თქვა ნახევარმცველმა ნიდერლანდების ნაკრების ბანაკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, — ამიტომაც ვინარჩუნებდი მთელი ზაფხულის განმავლობაში სრულ სიმშვიდეს”.

კატალონიელებთან ურთიერთობის დეტალებზე ფეხბურთელმა ლაპარაკი არ ისურვა.