„რაგბი ევროპის“ სუპერთასის მეორე ტური საკმაოდ საინტერესო მატჩებით აღინიშნა. დასავლეთ კონფერენციაში ფავორიტებმა, პორტუგალიურმა „ლუზიტანუშმა“ ბელგიურ „ბრიუსელს დევილზს“ ასტრონომიური ანგარიშით – 95:0 გადაუარა, ხოლო ესპანურმა „იბერიანსმა“ ჰოლანდიურ „დელტას“ ერთობ მოკრძალებულად – 22:7 სძლია, რის შედეგადაც ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში სწორედ ორი პირენეური ფრენჩაიზი ჩაუდგა 9-9 ქულით.
აღმოსავლეთში კი სიტუაცია საკმაოდ ჩაიხლართა. ჯერ იყო და, „ბათუმმა“ საკმაოდ კარგი პირველი ტაიმის შემდეგ ბუქარესტში ადგილობრივ „ვულვზსთან“ 15:37 განადგურდა, ხოლო „შავი ლომი“ ქუთაისში ისრაელის „თელ ავივ ჰითს“ 25:25 დაუზავდა. სამხრეთაფრიკელებითა და ფიჯელებით დაკომპლექტებულმა სტუმარმა არათუ დიდი წინაამდეგობა გაუწია პირველ ქართულ ფრენჩაიზს, არამედ გამარჯვებასთან უფრო ახლოსაც იყო, თუმცა საბოლოოდ ქართველებმა მაქსიმუმი გამოწურეს შექმნილი კრიტიკული სიტუაციიდან და 2 ქულაც მიითვალეს.
2 ტურის შემდეგ აღმოსავლეთში „შავი ლომი“ ლიდერობს, რომელსაც 7 ქულა აქვს, მას ქულით „თელ ავივ ჰითი“ ჩამორჩება, „როუმენიან ვულვზს“ 5 ქულა აქვს, ხოლო საქართველოს ჩემპიონ „ბათუმს“ ქულა ჯერ არ მოუპოვებია.
ზღვისპირელებს ამის შანსი 25 სექტემბერს ბათუმში მიეცემათ, სადაც „თელ ავივ ჰითს“ უმასპინძლებენ. შეხვედრა დღის 3 საათზე დაიწყება. ზუსტად ერთი საათის შემდეგ ქუთაისში სტარტს „შავი ლომისა“ და რუმინული „ვულვზის“ თამაში აიღებს. მოკლედ, მთავარი მოვლენები მხოლოდ ახლა იწყება.