Iago Herrerin of Athletic Club looks on during the Liga match between Granada CF and Athletic Club at Nuevo Los Carmenes on July 19, 2020 in Granada,...
იაგო ერერინი

ესპანურ plazadeportiva-ში გამოქვეყნდა საფეხბურთო მიმომხილველის ვინსენტ ფუსტერის წერილი იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიაჩნია მას სწორად „ვალენსიაში” ახალი მეკარის მიყვანა. მოგეხსენებათ, „ღამურების” მეორე გოლკიპერი, 31 წლის ხაუმე დომენეკი სერიოზულად დაშავდა და გუნდს ნახევარი წლით გამოემშვიდობა. ამან მწვრთნელი ჯენარო გატუზო და კლუბის დირექტორატი აიძულა ეძებნათ მისი შემცვლელი, რათა გუნდის მთავარ მეკარეს, საქართველოს 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გიორგი მამარდაშვილს მარქაფაში საიმედო კაცი ჰყოლოდა. შეგახსენებთ, რომ „ვალენსიაში” არის კიდევ ერთი მეკარე, 24 წლის კრისტიან რივერო.

დომენეკის შემცვლელის ძებნაში „ჩეებმა” ბასკ ვეტერანს იაგო ერერინს მიაგნეს. ის არის 34 წლის და ბოლო თვეების განმავლობაში ანუ მას მერე, რაც საუდის არაბეთიდან წამოვიდა, ფეხბურთის თამაშისთვის თავი დანებებული ჰქონდა. ამავდროულად, კლუბი დომენეკს მხარში დაუდგა და ასაკისა და ტრავმის მიუხედავად 2025 წლამდე ახალი კონტრაქტი გაუფორმა.

პირველი მიზეზი, რომლის გამოც ვინსენტ ფუსტერს მიაჩნია, რომ მეკარის მიწვევა საჭირო აღარ იყო, სწორედ ეს გახლავთ — ხაუმე დომენეკისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება და იმავდროულად მოთამაშის დამატება, ეკონომიკურად ისედაც დასუსტებული კლუბის მხრიდან ჭკვიანურ ნაბიჯად ვერ ჩაითვლებაო.

ჟურნალისტის მეორე არგუმენტი ის არის, რომ ერერინი უვარჯიშებელია და სანამ ის ფორმას აღიდგენს, კარს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გამოყოფილი ერთთვიანი შესვენებაც მოგვადგება. ამასობაში კი ზამთრის სატრანსფერო ბაზარი გაიხსნება და არქივიდან ამოღებულ ბასკზე უკეთესი მეკარეების ყიდვის შესაძლებლობაც გამოჩნდება. სხვა სიტყვებით, თუ მეკარის დამატება აუცილებელი იყო, გაუგებარია ამ ატიპიურ სეზონში რა საჭირო იყო აჩქარება და სადღაციდან, უთამაშებელი მეკარის ჩამოყვანა.

ფუსტერის შემდეგი კითხვა კრისტიან რივეროს ეხება: რატომ აჩერებენ მას გუნდში, თუკი არ ენდობიან; იჯარით გაუშვან ან გაყიდონ, ფულს მაინც იშოვნიან.

და ბოლოს, განა არ სჯობს რომელიმე სათადარიგო მოთამაშის დაშავების შემთხვევაში, ვეტერანები კი არ ეძებონ გარეთ, არამედ საკუთარი აკადემიიდან დააწინაურონ ფეხბურთელები, რომელთათვისაც პირველ გუნდთან ვარჯიში ბევრის მომცემი იქნება.