გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვით, 2021-22 წლების სეზონის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელსაც პრიზი ილია ბაბუნაშვილმა გადასცა. დაჯილდოება „სტამბაში“ შედგა. დამსწრეთა შორის იყვნენ – ჩვენი პარტნიორი თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტარები, გულშემატკივრები, ბიზნესმენები და ცხადია, ჟურნალისტები…
„სარბიელმა“ 75 სპორტული ჟურნალისტი გამოკითხა, რომლის შედეგების მიხედვით მამარდაშვილი 163 ქულით პირველი იყო. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ 10 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ხვიჩა კვარაცხელიას (153), ხოლო მესამეობა თურქული „ჰატაის“ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს (52) ერგო.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრიზი. ალბათ უფრო იმის დამსახურებაა, რომ სხვებზე ადრე მოვხვდი ტოპ-ლიგაში. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ პრიზს იმსახურებენ და მომავალში მიიღებენ. ახლა ის დამრჩენია, რომ მიღწეულზე არ დავკმაყოფილდე და სხვა პრიზები მოვიგო. მადლობა „სარბიელს“, მადლობა ჟურნალისტებს ასეთი დაფასებისთვის“, – განაცხადა საზეიმო ღონისძიების შემდეგ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელმა.
სეზონის დებიუტანტად „სარბიელმა“ გიორგი წიტაიშვილი დაასახელა.
შეგახსენებთ, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას 1992-93 წლების სეზონიდან ვატარებთ. პირველი გამარჯვებული გიორგი ქინქლაძე გახლდათ, ხოლო ყველაზე მეტჯერ ჩვენი პრიზი კახა კალაძეს ერგო, ის 4-გზის გამარჯვებულია. 1995 წელს კი საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების მეკარე აკაკი დევაძე დასახელდა.