No description available.საფრანგეთის სარაგბო ლიგა პრო დ2-ში ტური არ გავა ისე, რომ ქართველებმა ლელო არ გაიტანონ.

პირველ ტურში თავი „ორიაკის“ ბორჯღალოსანმა კვაჭმა ლუკა ნიორაძემ გამოიჩინა, ერთი კვირის წინ იგივე კლუბის უკანახაზელმა გიორგი გოგოლაძემ დადო ლელო, ხოლო გასულ ტურში კვლავ „ორიაკის“ შემადგენლობაში ერთბაშად ორმა ბორჯღალოსანმა დაამიწა ბურთი მეტოქე „მასის“ ჩათვლის მოედანზე.

„ორიაკმა“ 36:29 მოიგო და შეხვედრის 49-ე წუთზე  სტუმართა ნახევარზე დანიშნული დერეფნის მოგების შემდეგ აგორებული მოლი დიდი სიჩქარით „მასის“ ლელოს მიუახლოვდა, გადამწყვეტ მომენტში კი მოლს 20 წლის მესამეხაზელი ბექა შვანგირაძძე მოწყდა, რომელმაც ბურთი ხაზს იქით დადო.

66-ეზე კი ორიაკელთა სწრაფი იერიში მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ დააგვირგვინა, რომელმაც შეტევის დასრულებისას „მასის“ ლელოში ბურთთან ერთად ორი მოწინააღმდეგეც დაამიწა. ეს ლელო მეტად ეფექტური გამოვიდა და ჯავახია კმაყოფილმა მწვრთნელებმა 58-ე წუთზე შეცვალეს.

ჯავახიასთან ერთად მოედანი გიორგი ქართველიშვილმაც დატოვა, შვანგირაძე 75-ეზე დაასვენეს, გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მიხეილ ალანია მატჩში 64-ე წუთზე ჩაერთო. ყველა ჩამოთვლილი ორიაკელია.

ლაშა ჯაიანის „ნევერი“ შინ „ბიარიცს“ დაუზავდა – 22:22. ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა პირველიდან 61-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ბასკთა სასტარტოში მხოლოდ ლუკა ჭელიძე იყო, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ ლაშა ტაბიძემ შეცვალა, ვინც, თავის მხრივ, 66-ე წუთზე დატოვა მოედანი. თორნიკე ჯალაღონია კი შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა.

No description available.„ვანმა“ 34:21 „კარკასონი“ დაამარცხა, რომლის სასტარტოში სოსო ბეკოშვილი იყო. წესით, სოსო ვახტანგ ახობაძეს უნდა შეეცვალა, მაგრამ ბეკოშვილმა ბურჯისთვის უჩვეულო 80 წუთი გაატარა მოედანზე.

„ბეზიემ“ უხვქულიან მატჩში „მონტობანი“ 43:33 დაამარცხა. მასპინძელთა შორის 55-ე წუთზე გიორგი ახალაძე გამოჩნდა, ხოლო სტუმართა გუნდში სასტარტო 46 წუთი მირიან ბურდული იდგა.

„გრენობლმა“ ყოფილი ლიდერი „რუანი“ ბონუსით, 20:6 დაამარცხა. ალპელთა სასტარტოში ზურაბ ჟვანია იყო, ვინც 53-ე წუთზე შეცვალეს.

ბონუსი „პროვანსმაც“ მიიღო, რომელმაც „ანგულემს“ 35:15 მოუგო. ამ უკანასკნელის სასტარტოში ომარ ოდიშვილი იყო, რომელიც 56-ე წუთზე დაასვენეს.

„აჟენმა“ შინ „კოლომიესთან“ სანუგეშო ბონუსი მიიღო – 21:22. სტუმართა სასტარტოში ვეტერანი ბექა შეყლაშვილი იყო, რომელიც შესვენებისას შეცვალეს.

პირველ ადგილზე კი „მონ-დე-მარსანი“ დაბრუნდა, რომელმაც „ოიონაქსს“ 26:15 სძლია.