ხვალ სერია A-ში დიდი მატჩია, „სან სიროზე” „მილანი” „ნაპოლის” ხვდება. ამიტომაც მოხშირდა იტალიურ მას-მედიაში წერილები ამ ორ გუნდისა და მათი ფეხბურთელების შესახებ. რადიო Kiss Kiss-მა ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” მეკარე ალექს მერეტს, რომელიც ჩვენ გადმოვაქართულეთ.
…„ლეჩესთან” შეხვედრის პირველ ტაიმში რომ მოვიგერიე? მართლაც კარგი იყო, თან მატჩის საკვანძო მომენტი გახლდათ…
…„რეინჯერსი” ძალიან გვაწვებოდა და დარტყმა, ბურთი, რომელიც ამ შეხვედრაში ავიღე, ადვილი ასაღები არ იყო, მითუფრო, რომ კიმი მეფარებოდა. გლაზგოელებს საოცარი გულშემატკივარი ჰყავთ, პირველიდან ბოლო წუთამდე წნეხი მოგვიწყო. „აიბროქსის” ხმაურით შეგულიანებული მეტოქე დიდი ძალით გვიტევდა, მაგრამ ჩვენ ჩვენი ფეხბურთი ვეთამაშეთ. ეს იყო დიდი ტესტი, უკვე ვართ თუ არა ზრდასრულები…
შვილის დაბადება
ვაჟი შემეძინა. წარმოუდგენელი სიხარულია. ახალ პირველი ის არის, ყველაფერი დანარჩენი კი შემდეგ მოდის. მე და დებორა მეცხრე ცაზე ვართ.
დარჩენილი სეზონი
ჯერ დასაწყისია, ამიტომ წყნარად უნდა ვიყოთ. როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ასევე სერია A-ში კიდევ ბევრი შეხვედრა გველის. თან წესით მეტი ქულა უნდა გვქონდეს. ვიხსენებ „ლეჩესთან” მატჩს და გული მწყდება რომ ვერ მოვიგეთ. ასე უნდა განვაგრძოთ, ოღონდ ყელყელაობის გარეშე.
სატრანსფერო ბაზრის შესახებ
ბევრს ვერაფერს ვიტყვი. დაე ყველაფერი მოედანზე გამოჩნდეს. ზაფხული ჩემთვის რთული გამოდგა, რადგან ათასი ჭორი გავრცელდა. ერთი მეორეს მოჰყვებოდა. ამიტომ, სჯობს, მთელი ყურადღება ბურთზე გადავიტანო. შედეგი და ფული მხოლოდ მუშაობას მოაქვს. სეზონის დასაწყისით ძალიან კმაყოფილი ვარ.
სიმორცხვის შესახებ
მოედანს მიღმა ბევრი ლაპარაკი არ მეხერხება, მოედანზე კი საქმე მავალდებულებს თანაგუნდელებს მითითებები მივცე. სამწუხაროა, ხალხი ჩუმად ყოფნას რომ მსაყვედურობს. არადა, რა ვილაპარაკო, ფაქტია, რომ ყველა ასპექტით უნდა განვვითარდეთ
კიმის შესახებ
მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას მერე რაც ჩამოვიდა, ძალიან გაიზარდა და კიდევ ბევრი შეუძლია. კიმი ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია; საოცრად მაღლა ხტება და თავით ჩინებულად თამაშობს. მეტოქეებს უფრო ზემოთ ახტომა უჭირთ. მიხარია რომ შემოგვემატა. დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე განაგრძობს.
კვარას შესახებ
ძლიერია და კიდევ შეუძლია განვითარება. მას გადამწყვეტი დარტყმის შესრულება და დიდებული დრიბლინგი ეხერხება. დაცვაში თამაში მეტად უნდა დახვეწოს, რათა უფრო დაგვეხმაროს, თუმცა, როდესაც ბურთს ფლობს მისი დაჭერა ურთულესი საქმეა.
მწვრთნელის შესახებ
როდესაც გრძნობ, რომ გენდობიან და გათამაშებენ, საქმე კარგად მიდის. მიხარია, მიმდინარე სეზონი კარგად რომ დავიწყე და „ნაპოლის” პირველი მეკარე ვარ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ჯერ დიდი არაფერი გამიკეთებია. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო. მსურს ასე განვაგრძო, მეტი არაფერი.
სირიგუს შესახებ
სალვატორეს რამდენიმე წელიწადია რაც ვიცნობ. ნაკრების მეკარეები ვიყავით. ის დიდებული ფეხბურთელი და საუცხოო ადამიანია. გუნდში ასეთი პიროვნების ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია; გამოცდილია, დიდ გუნდებში უთამაშია.
ლივერპულის შესახებ
დიდებულად ვითამაშეთ, ვუტევდით და ყველა ის კოზირი გამოვიყენეთ, რომელთა წყალობითაც მეტოქე რთულ დღეში ჩავაგდეთ. ამ დონის მოწინააღმდეგესთან ასეთი კარგი თამაშის გარანტია ნამდვილად არ გვქონდა.
ლაციოსთან თამაშის შესახებ
გაისმა თუ არა საფინალო სასტვენის ხმა, სიხარულის ყვირილი აღმომხდა. ჩვენ ძალიან რთულ მოედანზე გავიმარჯვეთ. შეხვედრას ისე გავართვით თავი, როგორც დიდ გუნდებს შეეფერებათ. შემდეგ, ჩვენს გულშემატკივართან ერთად ვიზეიმეთ. ისინი ტრიბუნაზე იყვნენ და ბოლომდე გვამხნევებდნენ.
ლეჩეს გოლის შესახებ
კოლომბომ დიდებული გოლი გამიტანა. ამ დარტყმას ვერ ავიღებდი. ის შექების ღირსია.
მილანთან თამაშის შესახებ
„მილანთან” მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. ეს მატჩი ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. ჩვენ მუდამ გამარჯვებისთვის ვიბრძვით. კარგად მოვემზადეთ და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ.
2023 წლის შესახებ
მინდა „ნაპოლის” პირველ მეკარედ დავრჩე. სკუდეტო? ჩვენი მიზანიც ეს არის და მის მისაღწევად ვიბრძოლებთ.
კონტრაქტის განახლების შესახებ
ამ ეტაპზე მხოლოდ კარგად თამაშზე ვფიქრობ, დანარჩენი კი შედეგად მოჰყვება. კონტრაქტის განახლების თემაზე კლუბთან ლაპარაკი მიმდინარეობს.