17 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „ბორდო“ „დიჟონს“ მასპინძლობს. ფრანგული გამოცემები წერენ, რომ ამ შეხვედრაში ჟირონდელების შემადგენლობაში, შესაძლოა, ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგეს. 21 წლის ქართველმა გარემარბმა სავიზო ფორმალობები მოაგვარა და საფრანგეთის პროფესიულმა ლიგამ მას თამაშის უფლება მისცა.
ქართველ ფეხბურთელზე „ბორდოს“ მწვრთნელმა დავიდ გიონმაც ისაუბრა: „დავითაშვილმა უნდა გაითავისოს ჩვენი პრინციპები, როგორ და რა სქემით ვთამაშობთ. ბოლო ორი კვირა ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და მინდა გითხრათ, მას ყველანაირი წინაპირობა აქვს, რომ სწრაფად გაიაროს გუნდთან ადაპტაციის პერიოდი“.