მიუნხენის „ალინც არენაზე” „ბაიერნმა” „ბარსელონას” 2:0 მოუგო. ბავარიელებთან წაგება კატალონიელებისთვის შესაძლოა უცხო შეგრძნება არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ცუდად არ უთამაშიათ.
„ბარსელონას” მწვრთნელი ჩავი იმ „ბარსას” ფეხბურთელი იყო, რომელმაც ბოლოს, 2015 წელს დაამარცხა „ბაიერნი”. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე მან თქვა:
„დღეს მეტოქეს ბევრ ასპექტში ვჯობდით. ფიზიკურად უკეთესები ვიყავით, პირველ ტაიმში უპირატესობა მთლიანად ჩვენი იყო. გაღიზიანებული ვარ, რადგან უნდა მოგვეგო.
თამაშით კმაყოფილი ვარ. მწარე გაკვეთილი მივიღეთ, რომლის გადახარშვა ძნელია. შვიდი აშკარა საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ერთი გოლიც ვერ გავიტანეთ.
გამწარებული და იმავდროულად ამაყი ვარ. მეტოქეს არაფრით ჩამოვუვარდებოდით. მეტიც, ვჯობდით, მაგრამ ფასი მხოლოდ შედეგს აქვს. ახლა საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მიუნხენს დამარცხებულები ვტოვებთ, მაგრამ ეს ანგარიში არ შეესაბამება იმას, რაც მოედანზე ვნახე”.
შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ „ბაიერნის” ლეგენდამ რობერტ ლევანდოვსკიმ პირველად ითამაშა „ალიანც არენაზე” მეტოქის რანგში. პოლონელს რამდენიმეჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ ვერ შეძლო.
ამავე C ჯგუფში „ინტერმა” სტუმრად 2:0 მოუგო „პლზენს”. ჯგუფს 6 ქულით „ბაიერნი” ლიდერობს.