Imageმაურიციო სარიმ „ვერონას” მწვრთნელებსა და სათადარიგოთა სკამს შუა თითი აჩვენა. ეს მოხდა კვირას, როდესაც „ლაციომ” ვერონელებს 2:0 მოუგო.

რომაელებმა ანგარიში 68-ე წუთზე გახსნეს. გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, ხუთი წუთის შემდეგ კი სარიმ კოლეგებს არაკორექტული ჟესტი აჩვენა. DAZN ვარაუდობს, რომ „ბიანკოჩელესტის” თავკაცს „ვერონას” გუნდის მენეჯერთან ალესანდრო მაცოლასთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა თავად სარიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ შუა თითი „ვერონას” დირექტორ ფრანჩესკო მაროკუს აჩვენა, რადგან მან დაუძახა შენს ადგილზე დაჯექიო.

ალესანდრო მაცოლა ლეგენდარულ სანდრო მაცოლასთან არაფერ შუაშია, თუმცა ისიც ყოფილი ფეხბურთელია, „პარმაში”, „ტორინოში”, „ვერონასა” და სხვა იტალიურ გუნდებში თამაშობდა. ნაკრებში არასდროს გამოუძახიათ.

ფოტომ, რომელშიც სარი კოლეგას შუა თითს აჩვენებს, სწრაფად მოიარა სოციალური მედია. აღსანიშნავია, რომ ემოციური მწვრთნელისთვის ასეთი ინციდენტი პირველი არ არის. 2018 წელს, როდესაც „ნაპოლის” ედგა სათავეში, მან იგივე ჟესტი აჩვენა „იუვენტუსის” გულშემატკივართა ჯგუფს. ეს ამბავი ტურინში მოხდა, 2019 წელს კი თავად ჩაუდგა „ბებერ ქალბატონს” სათავეში.

„ლაციოს” ფეხბურთელთაგან „ვერონას” კარში მეორე გოლი ესპანელმა ნახევარმცველმა ლუის ალბერტომ გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ლაციო” სამი ქულით ჩამორჩება ლიდერებს, „ნაპოლის”, „ატალანტასა” და „მილანს”.