AS წერს, რომ იაგო ერერინს ბედმა 34 წლის ასაკში გამოცდა მოუწყო. ბასკი, რომელსაც ზურგს ხანგრძლივი კარიერა და დიდი გამოცდილება უმაგრებს, ხაუმე დომენეკის ტრავმის წყალობით „ვალენსიაში” აღმოჩნდა და ჯენარო გატუზოზე შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობა ეძლევა. გაზეთის აზრით ამოცანა რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ამ ამოცანას ახალგაზრდა ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება ჰქვია.
AS-ს რწმენით ერერინის პრობლემა ის არის, რომ ვეტერანი რამდენიმე თვის განმავლობაში უმუშევარი იყო. ბოლოს ის საუდის არაბეთის კლუბ „ალ რაედში” თამაშობდა. მანამდე, თორმეტი წლის განმავლობაში ბასკი „ბილბაოს” საკუთრება გახლდათ, თუმცა იჯარის წესით „ნუმანსიასა” და „ლეგანესშიც” ყოფილა გასხვისებული.
რატომ ფიქრობს AS, რომ ერერინის მთავარი პრობლემა პრაქტიკის ნაკლებობაა და არა მამარდაშვილი ვერ გეტყვით, მაგრამ გაზეთმა გოლკიპერზე სალაპარაკოდ ტონი კასორლა მიიწვია, რომელიც „ალ რაედში” პაბლო მაჩინის ასისტენტად მუშაობდა. კასორლას თავისი თვალით ჰქონია ნანახი, თუ როგორ გაართვა ერერინმა თავი ისეთსავე ამოცანას, როგორის წინაშეც დღეს დგას.
„იაგო გუნდში მოვიდა და ორ კვირაში ძირითადი შემადგენლობის მეკარე გახდა, — დაადასტურა კასორლამ, — მას „ბილბაოს” დიდი სკოლა აქვს გავლილი. ერთადერთი, რაც ერერინს სჭირდება დაჟინება და საკუთარი თავის რწმენაა. ის სწრაფია და მოქნილი. ამასთან, მხიარული, გულღია ადამიანია, რომელიც გასახდელში კარგ ატმოსფეროს ქმნის. და კიდევ, მას უყვარს ისეთი გამოწვევები, როგორის წინაშეც ახლა „ვალენსიაში” დადგა”.
იაგო ერერინის პრობლემა ყოველთვის იყო წონა, რაც მისი სხეულის აგებულების ბრალი ყოფილა. კასორლა ამბობს, რომ მან არაბეთში მეკარესთან ამ საკითხზე იმუშავა და მათ მოახერხეს, რომ გოლკიპერი მუდამ სათამაშო წონას ინარჩუნებდა.