No description available.დავით ნინიაშვილი ქართული და მსოფლიო რაბის ამომავალი ვარსკვლავი გახლავთ და მისი თამაშის ზეაქტიური სტილიდან გამომდინარე, 20 წლის უკანახაზელისგან ყოველ მატჩში ლელოებს თუ არა, ერთ ლელოს მაინც ელიან ხოლმე.

ჰოდა, თუ პირველ ტურში მას ხელი მოეცარა, რადგან კარიერაში პირველად იდგა თავისთვის უჩვეულო, 14 ნომრის პოზიციაზე, მეორე ტურში ამ ამპლუაში თავს უკვე როგორც თევზი წყალში გრძნობდა. ლიონში გამართული „ლიონისა“ და „ლა როშელის“ მატჩი ერთგვარი ევროპის სუპერთასი იყო, რადგან „ლა როშელი“ ჩემპიონთა თასის მფლობელია, ხოლო „ლიონმა“ ჩელენჯ კაპი მოიგო.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უაღსესად დაძაბული გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 23:21. „ლიონი“ ბონუსს დასჯერდა, ხოლო დათუნა ნინიაშვილმა შეხვედრა შეუცვლლად ჩაატარა, თან 57-ე წუთზე თანაგუნდელთა კარგი შეტევა მარჯვენა ფლანგზე გარღვევითა და ბურთის დამიწებით დააგვირგვინა.

„კასტრმა“ სეზონში პირველი გამარჯვება „სტად ფრანსესთან“ საშინაო რკენაში მოიპოვა – 30:20. მასპინძლებში სეზონური დებიუტი ვეტერან ლევან ჩილაჩავას ჰქონდა, რომელიც შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა, თუმცა ხუთიოდე წუთში თავი მეტოქე მესამეხაზელთან წაკინკლავების გამო სინბინში ამოყო. სტუმართა შორის გიორგი მელიქიძემ 45-ე წუთიდან ითამაშა.

„კლერმონმა“ „პოს“ უასპინძლა და 33:24 აჯობა. აი, აქ კი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა – „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი 20 წლის გიორგი ძმანაშვილმა ჩაატარა. ახალგაზრდა რუსთაველი ბურჯი კლერმონელთა შერკინების მწვრთნელის დავით ზირაქაშვილის პროტეჟე გახლავთ და სამწვრთნელო შტაბმა გიორგი ტოპ 14-ში დებიუტისთვის მზადყოფნა ნდობით დაუფასა – 58-ე წუთზე შეცვლაზე შეიყვანა. ფრანგული პრესის შეფასებით, ძმანაშვილი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაერთო თავის პირველ პროფესიულ მატჩში და თავი არ შეირცხვინა. ვულოცავთ გიორგი ძმანაშვილს დებიუტს ევროპის უძლიერეს ჩემპიონატში! „პოს“ შემადგენლობაში შეცვლაზე 53-ე წუთზე კაპიტანი ბექა გორგაძე და გურამ პაპიძე გამოჩნდნენ.

No description available.„ბაიონმა“ მეტად მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა – „რასინგ-92“-ს 31:25 მოუგო. ბასკთა შორის 64-ე წუთზე კოტე მიქაუტაძე გამოჩნდა, პარიზელთა სასტარტოში მყოფმა გია ხარაიშვილმა კი ტრავმა მიიღო და მოედანი უკვე 26-ეზე დატოვა, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, თუმცა ბოლო წუთზე ისიც დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

„პერპინიანმა“ კვლავ წააგო და ამ ჯერზე მას კატალონიაშივე „ბრივმა“ მოუგო, თანაც ბონუსიც გაიყოლა 6:17. სტუმართა შორის სამმა ბორჯღალოსანმა ითამაშა – ვასილ ლობჟანიძე სასტარტო იყო და 65-ე წუთამდე საკმაოდ კარგად ითამაშა, ვანო კარკაძე შეცვლაზე 48-ეზე შევიდა, ხოლო მასთან ერთად თამაშში ჩართულმა ლუკა ჯაფარიძემ მალევე ტრავმა მიიღო და ათი წუთის შემდეგ მოედანი დატოვა.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „მონპელიემ“ საკუთარ მოედანზე „ბორდო“ 29:19 დაამარცხა. გელა აფრასიძე კვლავ მარქაფაში იყო და მოედანზე ბოლო 19 წუთი გაატარა.

„ტულუზმა“ საკუთარ სტადიონზე ბექა გიგაშვილის „ტულონს“ ბონუსით – 28:8 მოუგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ქართველმა ბურჯმა პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა.