კვირას, „სან სიროზე”, იტალიის ჩემპიონი „მილანი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს იქნება სერია A-ს დიდი მატჩი, რომელშიც მასპინძელთაგან რაფაელ ლეაო, ხოლო სტუმართაგან ვიქტორ ოსიმენი ვერ ითამაშებენ. „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ეს ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ასე მოხდება.
მილანელთა თავკაცი სტეფანო პიოლი ლეაოს იმიტომ მოისაკლისებს, რომ პორტუგალიელმა „სამპდორიასთან” შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია, ლუჩანო სპალეტი კი ოსიმენს მთელი თვე ვეღარ ათამაშებს — ნიგერიელს „ლივერპულთან” შეხვედრაში ტრავმა გაუმიზეზდა და მკურნალობა სჭირდება.
ამრიგად, როგორც „როსონერის” ასევე „აძურის” თავდასხმის ხაზი ეყოლება შესუსტებული. მიმდინარე სეზონში ლეაომ ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, ოსიმენმა კი 5 თამაშში ორჯერ შეაგდო. ლეაოცა და ოსიმენიც 23 წლისანი არიან.
calciomercato თავის ონლაინ მკითხველს სთხოვს გამოთქვას აზრი, რომელ გუნდს უფრო გაუჭირდება, „მილანს” ლეაოს თუ „ნაპოლის” ოსიმენის გარეშე.