„სპეციასთან” 1:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ Dazn-ს გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები.
„ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ფუნდამენტური მატჩები, დერბები ან შეხვედრები, რომლებიც ცხრილში მაღალი პოზიციის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა მოვიგოთ. „სპეციასთან” შეხვედრა იმ კატეგორიის იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, რათა ცხრილში მაღალი პოზიცია შეგვენარჩუნებინა. გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა. ჯამში კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რთული მატჩი იყო თუ არა? ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან ის „ლივერპულთან” შეხვედრიდან სამ დღეში გვქონდა”.
დაღვინებული გუნდი – „როდესაც გუნდი დაღვინებულია, მას აქვს კლასი, მოთმინების უნარი და რწმენა, რომ ადრე თუ გვიან თავისას გაიტანს. გასულ სეზონში ასეთ შეხვედრებში დაკარგულმა ქულებმა ჩემპიონობა დაგვაკარგინა. დღეს ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ ისინი მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ, წინ უნდა ისწრაფოდნენ”.
ტაქტიკა – კარგი რაღაცები ვაკეთეთ. ისინი ჩვენს განაპირა მცველზე მეხუთე კაცით მოდიოდნენ, რის გამოც პერიოდულად კვარას დახმარებას ვეღარ ვასწრებდით. როდესაც კვარა ბურთს ფლობს, ძალიან ძლიერია, მაგრამ დღეს თავისი ოსტატობის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა არ მიეცა”.
მატჩის გმირი – რასპადორი? მან დიდებულად ითამაშა. ის კარგად იხსნებოდა მარცხნივ და თავისი საყვარელი პოზიციიდან გაიტანა კიდეც. ერთ მომენტში მის შეცვლას ვფიქრობდი, მაგრამ ასისტენტებმა მირჩიეს დამეტოვებინა და მარცხნივ გადამეწია. ამიტომაც გავაკეთე სხვა შეცვლა”.
წითელი ბარათი – „თავიდან მსაჯს ვუთხარი, რომ მეტოქე ჩვენს წინააღმდეგ ისე ხშირად არღვევდა წესს, რომ გაფრთხილებას ვერ უნდა გადარჩენილიყო. შემდეგ გოლი გავიტანეთ, მოწინააღმდეგის ბანაკს კი არ მოეწონა, თუ რამდენ წუთს ამატებდა არბიტრი. ამაზე მე შევახსენე, რომ მათ მთელი შეხვედრის განმავლობაში წვრილ-წვრილი ჯარიმებით იმდენი დრო გაიყვანეს, რომ ახლა წუთებზე პრეტენზიის წამოყენების უფლება აღარ ჰქონდათ. ეს იყო და ეს. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, მაგრამ გამაძევეს”.