„ვალენსიას” მეკარე ხაუმე დომენეკი დაშავდა, მან მუხლი იტკინა. 31 წლის კარის მცველმა გუშინ, უნებლიე, შემთხვევითი ინციდენტის გამო ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. დღეს მას საფუძვლიან სამედიცინო კვლევას ჩაუტარებენ, მაგრამ კლუბის ექიმებს ეჭვი აქვთ, რომ მდგომარეობა იოლი არ არის.
ხაუმე „ვალენსიას” მეორე მეკარეა. „ღამურების” მთავარი გოლკიპერი ქართველი გიორგი მამარდაშვილია. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ კლუბმა გაყიდა ჰოლანდიელი ჯასპერ სილესენი, რომელიც სამშობლოში, „ნაიმეგენში” გადავიდა.
ახლა, ვალენსიელთა იტალიელი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს განკარგულებაში მამარდაშვილის გარდა რჩება 24 წლის კრისტიან რივერო, რომელიც გასულ სეზონში რამდენიმე თვით „ალკორკონში” იყო იჯარით გაშვებული. „ალკორკონი” ესპანური საკლუბო ფეხბურთის მესამე საფეხურზე თამაშობს.
ხაუმე დომენეკი წარმოშობით ალმენარადან არის, რაც ვალენსიის ავტონომიაში მდებარეობს. 5900 კაციანი დაბის ყველაზე სახელოვანი შვილი სწორედ ხაუმე დომენეკია, რომელსაც „ვალენსიას” შემადგენლობაში 76 შეხვედრა აქვს ჩატარებული.