გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ „ხეტაფეს” 5:1 გადაურბინა. ამის მიუხედავად „ღამურების” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ცოტა გაბრაზებულია, რადგან მისმა გუნდმა გოლი გაუშვა, იქა-იქ პასებსაც არასწორად აწოდებდა და ბოლოს ილიაშ მორიბამ წითელი ბარათი მიიღო.
„100 წუთის სათამაშოდ უნდა ვიყოთ მზად. მე ფეხბურთელობის დროს „ლივერპულთან” ისეთი ფინალი მაქვს წაგებული, რომელსაც 3:0-ს ვიგებდით. მიმაჩნია, რომ ფეხბურთს პატივი უნდა სცე და ბოლო წამამდე გულით ითამაშო. მეორე მხრივ კი ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი გუნდი ვარჯიშებზე დიდ შესაძლებლობებს ამჟღავნებს და ძლიერი მენტალიტეტი აქვს. დღევანდელმა მოგებამ ძალიან გამახარა”.
გაშვებული გოლი მამარდაშვილის ბრალი არ ყოფილა. აქ გატუზოს შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს მცველებთან, რომელთაც ურუგვაელ ალვარეს სოსას საჯარიმოში ბურთის თავისუფლად მიღების და დარტყმის შესაძლებლობა მისცეს.
ქართველი გოლკიპერი, რომელიც 25 ნომერი გამხდარა, რეალურად რამდენჯერმე ჩაერთო საქმეში. იმას, რომ გიორგის ფეხით თამაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული აქვს, აღარ გავიმეორებთ. ვიტყვით, რომ მამარდა რამდენიმე ეპიზოდში სტუმრების დარტყმებს ისე დახვდა, როგორც უნდა დაჰხვედროდა საიმედო მეკარე.
„მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვენ მისაყვედურეთ, რომ გუნდს მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გატანილი, მე კი ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი. ჩემი გუნდი ბურთის ფლობით ლიგაში მეოთხეა და მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებთან ხშირად ტრიალით გამოირჩევა. სამწუხაროდ, „ვალენსიას” გარშემო ბევრი ნეგატივია დაგროვებული. ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ.
რაც შეეხება მიზანს, ის თამაშიდან თამაშამდე გამოიკვეთება. თეორიულად კი მე-7 ადგილით კმაყოფილი დავრჩები, ოღონდ სადღეისოდ მიმაჩნია, რომ მზად არ ვართ. რასაკვირველია ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს, რადგან კარგი ფეხბურთელები გვყავს. პირადად მე ორ თვეში ასეთ კარგ თამაშს ვერც წარმოვიდგენდი”, — თქვა გატუზომ, რომელსაც თავისი ფეხბურთელებიდან პირველი გოლის ავტორი ტონი ლატო ისე მოსწონებია, რომ როგორც თავად თქვა, 18 წლის ქალიშვილისთვის ურჩევია, ყურადღება მიაქციე, რა სრულყოფილი ბიჭიაო.
ლატოს გარდა ვალენსიელთაგან გოლები გაიტანეს სამუელ ლინომ, სამუ კასტილეხომ, ნიკომ და უგო დურომ. რაც შეეხება წითელ ბარათებს, მასპინძელი ილიაშ მორიბას გარდა ორი ყვითლის გამო მოედანი „ხეტაფეს” ურუგვაელმა ნახევარმცველმა მაურო არამბარიმაც დატოვა.