„ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ბოლო პრეს-კონფერენციაზე „ლაციოსთან” დღევანდელი მატჩის შესახებ ილაპარაკა.

„ჩვენც როგორც წესი 4-3-3 განლაგებით ვთამაშობთ, მაგრამ ეს სისტემა ხშირად იცვლება, რადგან სხვადასხვა მეტოქე სხვადასხვა სივრცეებს ათავისუფლებს და ჩემი ფეხბურთელები იძულებულები არიან მრავალი სცენარისთვის იყვნენ მზად.

მაურიციო სარის ფეხბურთი გასაგებია. „ლაციო” მოწინააღმდეგეზე მუდმივ, ინტენსიურ ზეწოლას ახორციელებს, რის გამოც უკან სივრცეები რჩება. ეს ჩვენი შანსია, მაგრამ როდესაც რომაელები კარგად თამაშობენ, დიდი ზეწოლის ქვეშ გაქცევენ და სამოქმედო ფართობი აღარ გრჩება, ვიწრო სივრცეებში კონტრშეტევა ძალიან ძნელია. ამრიგად ნაპრალებისა და სივრცეების პოვნა ჩვენს ყოჩაღობაზე იქნება დამოკიდებული”.

მწვრთნელებს ხშირად მათი მომავლის შესახებ ეკითხებიან. სპალეტიმ თქვა: „ბედნიერი ვარ „ნაპოლის” რომ ვუდგავარ სათავეში. ისეთი ამბიციები მაქვს, რომლის მსგავსი სხვებს შეიძლება არც კი ჰქონოდათ, მაგრამ გარანტიას ვერაფრისას ვიძლევი. შეიძლება ყველას არ მოვწონდე, მაგრამ რაც მომეთხოვება, ვაკეთებ. რა მოხდება თუკი ჩემს გარშემო უარყოფით კლიმატს ვიგრძნობ? ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მიგრძვნია, მაგრამ რაც გინდა მოხდეს, მუშაობის სტილს არ შევცვლი. მე იმისთვის ვცხოვრობ, რომ ჩავატარო ნაყოფიერი ვარჯიშები, გუნდმა ითამაშოს დიდებული მატჩები, რათა ვისიამოვნოთ სპორტით, განსაკუთრებით ისეთი დახვეწილი გემოვნების მქონე ქალაქში როგორიც ნეაპოლია. სამწუხაროდ, მერე აქ ირთვება ხოლმე მიდგომა „მოიგე ან მოკვდი”, რაც ძალიან არ მომწონს. მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ყოველთვის როდესაც იგებ, სწორ გზაზე დგახარ.

დღეს ჩვენ გუნდის რეორგანიზაციაზე ვმუშაობთ. პროგნოზებს იმის მიხედვით ვაკეთებთ, თუ რა მოხდა ბოლო შეხვედრაში. ჩვენ შეიძლება რაღაც უფრო სწრაფად ან ნელა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. გარკვეული დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ისეთ ჯგუფად, გასულ სეზონში რომ ვიყავით”.

„ლეჩესთან” შეხვედრაში შემადგენლობის შეცვლის გამო სპალეტი გააკრიტიკეს. მან თქვა: „იმის დასანახად, ვინ დაღლილია და ვინ არა, ვარჯიშებს უნდა დააკვირდეთ. გუშინ ნახევარმა გუნდმა არ ივარჯიშა, დაისვენა. ამწუთას ვერც კი გეტყვით, რომელი იქნება ხვალ თამაშისთვის მზად და რომელი ვერა. მე მყავს შესანიშნავი, ტექნიკური ფეხბურთელები, რომელთაც თავიანთი ნიჭისა და უნარის გამომჟღავნება სურთ, მაგრამ ისინი ფრთხილად უნდა დავტვირთოთ. გადატვირთული კალენდარი გვაქვს. ყოველ შეხვედრაში ერთი და იმავე შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ. ზამთრისთვის ენერგიის მარაგი უნდა შევინახოთ და ამისათვის ყველა ფეხბურთელის დახმარება დაგვჭირდება”.