„მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი ფეხბურთელი ჰყავს, ანტონი, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „აიაქსიდან” გადავიდა, ისე კი „სან პაულუს” აღზრდილია. მანკუნიანელებმა მასში 85,5 მილიონი გირვანქა გადაიხადეს. ის 22 წლის გარემარბია და ახალ გუნდში თავისი პირველი შეხვედრისთვის ემზადება.
ანტონი საინტერესო ადამიანია. ჯერ ოცისაც არ იყო წიგნი რომ გამოაქვეყნა, სადაც „სან პაულუს” საყმაწვილო სისტემაში თავს გადახდენილი სირთულეები აღწერა. იმხანად ქალაქის იმ რაიონში ცხოვრობდა, რომელსაც ოზასკუ ჰქვია.
ანტონის წიგნში აღწერილი აქვს იმ ოთხი თვის ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. ის წერს, რომ მოკლე პერიოდში სრულიად უცნობი ბიჭიდან ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ამომავალ ვარსკვლავად იქცა.
„2019 წელი ჩემთვის სევდიანად დაიწყო. იმედი მქონდა, რომ ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებში გამომიძახებდნენ და „სან პაულუს” შემადგენლობაში „ფლორიდის თასზე” გავემგზავრებოდი, მაგრამ არავინ მიხმო. ვერ ვხვდებოდი, რატომ დამიწუნეს. მე ხომ სან პაულუს თასზე ვითამაშე, გამოცდილება შევიძინე, საკუთარ შესაძლებლობებში უფრო დარწმუნებული გავხდი და როგორც ფეხბურთელი გავიზარდე.
სხვა გზა არ მქონდა, მოთმინება უნდა მომეკრიბა, უფროს ფეხბურთელებს ჩუმად დავკვირვებოდი და მესწავლა. თუკი შანსი მომეცემოდა, უნდა ჩავბღაუჭებოდი.
ამასობაში მწვრთნელი შეცვალეს. ახალმა მწვრთნელმა ვაგნერ მანსინიმ დამისვა და ბევრი მელაპარაკა. აი, ამის შემდეგ ჩემდამი თანაგუნდელების დამოკიდებულებაც შეიცვალა. ისინი უკვე მეხმარებოდნენ. თანდათანობით სულ უფრო მეტ დროს ვატარებდი მოედანზე, მაგრამ გოლი მაკლდა. და აი, 20 მარტს „სან კაეტანოსთან” შეხვედრაში მშვენიერი გოლიც შევაგდე. არც კი ვიცოდი როგორ მეზეიმა. ჩემი პირველი წარმატება მთელი ცხოვრება მემახსოვრება. თან ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. შემდეგ, ბრაზილიის ჩემპიონატის ნახევარფინალში ფავორიტი „პალმეირასი” პენალტებით დავამარცხეთ და ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთი იყო.
ფინალში „კორინთიანსს” უნდა შევხვედროდით. ისეთი აღგზნებული ვიყავი, რომ თამაშის დღეს ლუკმა ვერ ჩავიდე. თავს ცუდად ვგრძნობდი. სხვა ანტონი ვიყავი.
სამწუხაროდ დავმარცხდით. ვტიროდი, მაგრამ მატჩის შემდეგ გავაცნობიერე, თუ რა გზა გავიარე მიზნისკენ გზაზე და კმაყოფილების გრძნობა მომერია. ოთხ თვეში უკვე სხვა ფეხბურთელი ვიყავი…”