თბილისში საზეიმოდ გახსნილ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში არცთუ სასიამოვნო დასასრული მოჰყვა – საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტ ბელგიასთან 76:79 წააგო და ჯგუფიდან გასვლის საქმე გაირთულა.
თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო, 12 ქულასაც აგებდა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და საქმე ოვერტაიმამდე მიიყვანა.
ამხანაგური მატჩებისგან განსხვავებით, თითქოს უფრო შეტევაში გვიჭირდა, ვიდრე – დაცვაში. ბევრი იყო დაკარგვა – 20. სამაგიეროდ, ბევრი ქულა პერიმეტრიდან მივიღეთ – ბელგიელებმა 12 სამიანი ჩაგვიგდეს.
ილიას ზუროსის გუნდში მატჩის ჩამთავრება ტრავმების გამო ვერ მოახერხეს გიორგი შერმადინმა და გოგა ბითაძემ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა ოვერტაიმშიც ბევრი იბრძოლა და ახლოს იყო კიდევ ერთი დამატებითი ხუთწუთეული ეთამაშა, მაგრამ 3 წამით ადრე ბელგიელებმა მომგებიანი სამიანი ჩაგვიგდეს. დარჩენილ დროში გიორგი ცინცაძის პასით დუდა სანაძემ გამთანაბრებელი სამქულიანის სროლა კი მოასწრო, მაგრამ არაზუსტად…
ჩვენს ჯგუფში ფავორიტებმა მოიგეს: ესპანეთმა 114:87 სძლია ბულგარეთს, ხოლო თურქეთის ნაკრებმა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 72:68 ჩერნოგორია დაამარცხა.
მომდევნო მატჩი საქართველოს ესპანეთთან აქვს, თურქეთი ბულგარეთთან ითამაშებს, ხოლო ბელგია და ჩერნოგორია ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.