აი, ახლა კი გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ფეხბურთელია. მასთან ერთად „ღამურებს” დაემატა მცველი ხესუს ვასკესი. გულშემატკივრისთვის ორივე ნაცნობი სახეა, მაგრამ ფორმალურად ერთიცა და მეორეც აქამდე „ვალენსია მესტალიაში” ირიცხებოდა და არა დიდ „ვალენსიაში”.
კლუბს რეგისტრაციის პრობლემა ჰქონდა. ფინანსური „ფეარ ფლეის” გამო მამარდაშვილსა და ვასკესს „ჩეები” პირველ გუნდში ვერ არეგისტრირებდნენ. სწორედ ამიტომ ეწერა 2021 წლის ივნისში შეძენილ ქართველ მეკარეს ზურგზე ასე მაღალი ნომერი — 28. ეს ნიშნავდა, რომ ფეხბურთელი მთავარ გუნდს სარეზერვოდან ჰყავდა კონკრეტული მატჩისთვის წამოყვანილი. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ ამიერიდან მამარდა სხვა ნომრით ითამაშებს თუ არა.
გარდა ამისა, კლუბმა დაადასტურა, რომ გიორგისთან ახალ კონტრაქტს აფორმებს. მამარდაშვილი 2027 წლამდე „ვალენსიას” ფეხბურთელი გახდება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამის შესახებ „ვალენსია” ოფიციალურად მალე გამოაცხადებს.
Plazadeportiva მკითხველს შეახსენებს, რომ მამარდაშვილი „მესტალიაზე” ჩავიდა როგორც სარეზერვო გუნდის მეკარე, მაგრამ გარემოებათა გამო მას დიდი გუნდის კარი ანდეს. ქართველმა ამოცანას თავი ჩინებულად გაართვა და მის გამო კლუბს მიეცა საშუალება მაღალხელფასიანი ჯასპერ სილესენი თავიდან მოეშორებინა, „ნეიმეგენში” გაეყიდა.