ხანდახან გვარი მძიმე ტვირთია. ჰკითხეთ „ვალენსიას” ახალ შენაძენს ჯასტინ კლუივერტს, რომელიც გუნდს სატრანსფერო ბაზრის ბოლო, გიჟურ დღეს შეუერთდა. რამდენიმე სეზონის წინ ის ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ახალგაზრდად და მარგალიტად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წლებში სახელი გაუხუნდა.
„აიაქსის” ლეგენდარული აკადემიის აღზრდილს თავის გვართან ყოველთვის რთული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ კლუბსა და ჰოლანდიის ასაკობრივ ნაკრებებში ბრწყინავდა. 2018 წელს, 18 წლისა, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს და ფილ ფოდენზე, ვინისიუს ჟუნიორზე, კაი ჰავერცზე და მატეის დე ლიხტზე წინ დააყენეს.
მაშინ ნახევარმა ევროპამ კლუივერტზე დაიწყო ნადირობა. ყველას „რომამ” აჯობა და 17 მილიონი ევრო გადაიხადა. ამას მოჰყვა „კალჩოში” გატარებული ორი წელიწადი, სადაც ჰოლანდიელმა გამოცდილება დააგროვა, თუმცა პაულო ფონსეკამ 2020/21 წლების სეზონში შემტევზე გული აიცრუა და მან იჯარის წესით „ლაიფციგში” ამოჰყო თავი. კლუივერტმა ბუნდესლიგაში 19 შეხვედრა ჩაატარა; თავის მონაგარს 3 გოლი და ერთი საგოლე პასი დაამატა.
შემდეგ წელიწადს იგივე გამეორდა, ოღონდ მოქმედი პირები შეიცვალა: ფონსეკას მსგავსად ჟოზე მოურინიუმ არ ათამაშა ჰოლანდიის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელი. ახლა ის საფრანგეთში, „ნიცაში”, კრისტოფ გალტიეს გუნდში გაყიდეს. ლაჟვარდოვან სანაპიროზე კლუივერტს უფრო გაუმართლა: 32 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გადააწოდა.
ამ ზაფხულს კი ისტორია კვლავ გამეორდა და ჰოლანდიელმა კვლავ იჯარით, ერთი წლით ესპანეთში ჯენარო გატუზოსთან გადაინაცვლა. ჯასტინის ნიჭს ეჭვქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჯერ ვერ ათამაშდა სტაბილურად რაც დიდი ფეხბურთელობისთვის ასე საჭიროა.
კლუივერტი ახალგაზრდაა. მისი გვარი ყურს ჭრის. მამას გარეგნულად ჰგავს, მეტი არაფრით. ის თავდამსხმელია, რომელიც მწვავედ მარცხენა ფრთიდან უტევს, ოღონდ რაკი ორივე ფეხს თანაბრად ფლობს, უნივერსალურ მოთამაშედ ითვლება. ეს ხანდახან მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ჯასტინი სიმაღლით 173 სანტიმეტრია, სწრაფია და ალღოიანი; მცველებს შორის იოლად იკვლევს გზას. ხშირად წარმატებით ატყუებს მეტოქეს და მოედნის ბოლო მესამედზე (მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან) ეფექტურია.
ჯასტინ კლუივერტის სტატისტიკა არასდროს უწყობდა ხელს, რადგან მას ყოველთვის ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავს, მამას, პატრიკ კლუივერტს ადარებდნენ.