ფაბიო კარვალიუმ „ნიუკასლის” გულშემატკივრებს გულები გაუხეთქა, 90+8-ე წუთზე გაიტანა, რის შედეგადაც „ლივერპულმა” 2:1 მოიგო და მოედნის კიდესთან სათადარიგოთა სკამებს შორის გაწევ-გამოწევა ატყდა. მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა კი თქვა, რომ „ნიუკასლი” დროის გაყვანის გამო ასეთი დასასრულის ღირსი იყო.
როდესაც კარვალიუმ გამარჯვების გოლი შეაგდო, „ნიუკასლის” სკამიდან მასპინძლების სკამისკენ რაღაცების სროლა დაიწყეს. თავის მხრივ კლოპი და მისი გარემოცვა გაცეცხლებულები იყვნენ, რადგან სტუმარი გუნდის ფეხბურთელები შეხვედრის მიწურულს მოედანზე კოტრიალებდნენ და ყველაფერზე ტრავმას იმიზეზებდნენ. „წითლების” მეკარეთა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ჯონ ახტერბერგმა „კაჭკაჭებს” გამარჯვების V სიმბოლო აჩვენა.
კლოპმა თქვა: „ჩვენ მსაჯის წამატებულ მე-8 წუთზე გავიტანეთ და ამით მეტოქეს შესანიშნავი პასუხი გავეცით. ასეთმა დასასრულმა ძალიან გამახარა. მეტს ვერაფერს დავამატებ. ეს გზა ფეხბურთში თამაშის მოსაგებად შესანიშნავია. რასაკვირველია, ასეთი დრამა კვირაში ერთხელ არაფერში მჭირდება, მაგრამ სეზონში ერთხელ ან ორჯერ შესანიშნავია”.
90 წუთი რომ მიილია მსაჯებმა თამაშს 5 წუთი დაამატეს, მაგრამ ანდრე მარინერმა ხუთი წუთის შემდეგ არ დაუსტვინა და კიდევ რამდენიმე წუთით გააგრძელა შეხვედრა. და აი, აქ, კარვალიუმ, რომელიც სამშაბათს 20 წლის გახდა, გამარჯვება დაბეჭდა.
კლოპი: „ეს იყო შესანიშნავი გოლი. ბავშვს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ფანტასტიკური ბიჭია. ასეთ კარგ ბიჭებს ასეთი კარგი მომენტები სჭირდებათ. მან ის მიიღო და გოლი გაიტანა, რაც დიდად დაეხმარება”.
ეფექტურმა გამარჯვებამ „ენფილდ როუდი” ჭკუიდან გადაიყვანა, მაგრამ თამაში რომ დაიწყო მასპინძელი ფანები კარგა ხანს დაზაფრულები ისხდნენ. ეს „ნიუკასლის” ახალი შენაძენის, 22 წლის შვედი ალექსანდერ ისააკის გოლმა განაპირობა. ისააკი „ნიუკასლში” გადასვლამდე „რეალ სოსიედადში” თამაშობდა. „კაჭკაჭებმა” მასში 59 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
ანგარიში შესვენების შემდეგ რობერტო ფირმინომ გაქვითა, მაგრამ 90+8 წუთზე კარვალიუს რომ არ გაეტანა, „წითლები” კვლავ დაკარგავდნენ ქულებს.
კლოპი: „დიდებული რამ მოხდა. ასეთი ამბავი წლობით გამახსოვრდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ფეხბურთელებიდან გამარჯვებისა ყველას ბოლო წამამდე სწამდა. ახლა ისინი დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია”.