ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „სან სიროზე” სტუმრად 1:3 წააგო. სერია A-ში ახალმა გადასულმა გუნდმა, რომელიც უძლიერესთა მარაქაში 1995-96 წლების სეზონის შემდეგ არ გარეულა, სტუმრად წინააღმდეგობა ვერ გაუწია ძლიერ მეტოქესა და სერია A-ს მეორეადგილოსანს. ის კი არა, ზოგიერთ იტალიურ მიმოხილვაში წერია, რომ „ინტერს” უფრო იოლად მართებდა მეტოქის ძლევა.
ლუკა მოედანზე 2:0-მდე იყო. 67-ე წუთზე ის 23 წლის მექსიკელმა მცველმა ხოან ვასკესმა შეცვალა.
ლოჩოშვილს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თავი არ დაუზოგავს — პირველი ტაიმის მიწურულს 36 წლის ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ მას იდაყვი ნატკენ ადგილას მიარტყა და საექიმო გახადა. შესვენების შემდეგ ქართველმა შეხვეული თავით ითამაშა. ორთაბრძოლებს ლოჩოშვილმა კარგად გაართვა თავი, თუმცა, როგორც ზემოთ გითხარით, მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ბოლო მონაკვეთში მისი დასვენება ამჯობინა.
„დღევანდელი შედეგი დიდწილად ჩვენ თავად განვსაზღვრეთ, — თქვა მატჩის შემდეგ კრემონელმა მწვრთნელმა, — „ინტერმა” ძალიან ძლიერად დაიწყო, მაგრამ ამაში ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი იყო. შემდეგ კი, როდესაც ვარჯიშზე დამუშავებული კომბინაციით გოლი უნდა გაგვეტანა, ტექნიკური შეცდომა დავუშვით და მეტოქეს კონტრშეტევისა და ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მივეცით. სამწუხაროდ ასეთი რამ ხდება ხოლმე. ჯამში, ჩვენზე გაცილებით დიდი გუნდის წინააღმდეგ მაინც კარგად ვითამაშეთ. ვიმეორებ, ჩვენ ძლიერ გუნდთან კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ორი ისეთი საგოლე სიტუაცია შევაქმნევინეთ, რომელთა თავიდან არიდებაც შეიძლებოდა. მართალია, 4 ტურის შემდეგ ცხრილში არასახარბიელო მე-19 პოზიციაზე ვართ, მაგრამ ჩემპიონატი ახალი დაწყებულია. ჩვენ გვაქვს მიზანი და არაფრის გვეშინია”.
„კრემონეზე” შემდეგ ტურში, კვირას, 4 სექტემბერს, „სასუოლოს” მასპინძლობს. „სასუოლო” 5 ქულით მე-10 ადგილზეა.