მოახლოვებული ევრობასკეტის წინ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა. ბერძენი სპეციალისტი ჟურნალისტების წინაშე გუნდის ამჟამინდელ კაპიტანთან გიორგი შერმადინთან ერთად წარსდგა:
„ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ჯგუფს ვმასპინძლობთ. იმედი გვაქვს, ძალიან კარგი ტურნირი გამოვა. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ყველას წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იცით, რომ რამდენიმე დღის წინ კაპიტანი თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული მომენტი იყო.
ბოლო მატჩებში თოკო პარკეტზე 30-ზე მეტ წუთს ატარებდა, მძიმე ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, ძალიან პროდუქტიული იყო და ყველას ეხმარებოდა. თუმცა, ამ სამწუხარო ფაქტის შემდეგ, ცხოვრება და მზადება უნდა გავაგრძელოთ. ნაკრებში ცინცაძისა და შერმადინის სახით გამოცდილი კალათბურთელები გვყავს, ისინი გუნდს ბიძგს აძლევენ. კარგად გვესმის, რომ დანაკლისი უნდა შევავსოთ, სხვანაირად ვიმუშაოთ, რადგან გასულ შეხვედრებში შენგელიასთან ერთად განსხვავებულად ვმოქმედებდით. იმედი მაქვს, მომავალ თამაშებში ვიპოვით გზებს, თუ როგორ ვიმოქმედოთ უკეთესად.
ტაქტიკა უკვე შევცვალეთ. შენგელიას სახით გვყავდა ფორვარდი, რომელიც შანსებს როგორც სამწამიანში, ისე მის გარედან ქმნიდა, დრიბლინგითა და მაღალ-დაბლი კალათბურთელების შეკავშირებით. მამუკელაშვილთან, ბურჯანაძესთან, ბითაძესა და შერმადინთან ერთად სამწამიანში რომ ძლიერები ვართ, ეს ყველამ იცის. მეტი სამუშაო პერიმეტრზე გვაქვს. წინა მატჩში საკმაოდ კარგად ვიმოქმედეთ. ახლა სხვა თამაში იქნება, ბელგია ძალიან ძლიერი გუნდია, თან საწყისი მატჩი ყოველთვის ძალიან რთულია. ბითაძეს ჩვენთან ერთად დიდი დრო არ გაუტარებია, რადგან ტრავმა ჰქონდა. მინდა ვუთხრა, რომ მისი ნაკრებში ყოფნა ძალიან გვიხარია. გოგა ძალიან ბევრს ეცადა, რომ გუნდთან ერთად ყოფილიყო. როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ერთ გუნდად უნდა ვიმუშაოთ. მომეწონა, თუ როგორ ვითამაშეთ იტალიასთან, მაგრამ სტაბილურობა გვჭირდება და ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უკეთესი უნდა გახდეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 7 დღეში 5 მატჩის გამართვა მოგვიწევს, ამიტომ ყველა კალათბურთელი უნდა გამოვიყენოთ, საკუთარი მოვალეობა თითოეულმა მათგანმა უნდა შეასრულოს, რადგან ამ ტურნირზე ყველა ნაკრები ძლიერია და მეტოქისთვის სიურპრიზის შეთავაზება ნებისმიერ გუნდს შეუძლია.
საქართველოში დაახლოებით 7 წელია ვმუშაობ. ძალიან მიხარია, რომ ეს ქვეყანა ასეთ შეჯიბრებას მასპინძლობს, ერთი სული გვაქვს პირველი თამაშის დაწყებამდე. შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანი ვოცნებობდით ამ მომენტის დადგომაზე, ახლა კი უმაღლესი რანგის ღონისძიებას ვმასპინძლობთ. კიდევ ერთხელ, იმედია კარგად ვითამაშებთ და შემდეგი რაუნდის სათამაშოდ ბერლინში გავემგზავრებით. ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის. პირველ რიგში ხვალინდელ თამაშზე ვფიქრობთ, მაგრამ შესწავლილი გვყავს ფლეი-ოფის სავარაუდო მეტოქეებიც. კონკრეტული გეგმა არ გვაქვს – მთავარი მიზანი ბერლინში წასვლა და იქ ბევრი თამაშის ჩატარებაა“, – განაცხადა ზუროსმა.
„ბრწყინვალე გრძნობაა, როდესაც ასეთ ტურნირზე შინ ვთამაშობთ, ჩვენს დედაქალაქში, ჩვენს დარბაზში, ჩვენი ხალხის წინაშე. ევრობასკეტის დაწყებას დიდი ხანი ველოდით. მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, თამაშები ჩავატარეთ, ხვალ კი შეჯიბრებაც იწყება. საწყის მატჩს კარგი განწყობით ვხვდებით. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ჩვენ პირველი რაუნდის გადალახვა და ფლეი ოფში გასვლა გვსურს. იმედია, ყველა ჯანმრთელი იქნება და კარგ კალათბურთს ვაჩვენებთ. ამ დონის ტურნირის მასპინძლობა მთელ ქვეყანას ახარებს. ხვალ სავსე დარბაზი იქნება, ხალხი იმდენი ხანია ამ შეჯიბრების დაწყებას ელოდება, რომ მგონია, ემოციები არ დაგვაკლდება“, – ეს უკვე შერმადინის სიტყვებია.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და მონტენეგროს ნაკრებებთან ერთად ითამაშებს, ხოლო ფლეი ოფის საგზურს ოთხი საუკეთესო გუნდი გაინაწილებს.