ჩეხეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან ერთად 1 სექტემბერს თბილისში სტარტს აიღებს ევრობასკეტ 2022. ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო.
ჩვენები, ცხადია, თბილისში ითამაშებენ და A ჯგუფში ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის და მონტენეგროს გაარკვევენ ურთიერთობას.
თქმა რად უნდა, ევროპის ჩემპიონატი, არამარტო კონტინენტის უდიდესი საკალათბურთო მოვლენა, მსოფლიოს მასშტაბით არის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც მილიონობით გულშემატკივარს მასპინძელ ქალაქებში მიიზიდავს და მილიარდზე მეტს კი ტელევიზორის ეკრანთან…
ევრობასკეტ 2022-ის ფარგლებში რიყის პარკის ტერიტორიაზე 31 აგვისტოდან მოეწყობა ფან-ზონა, სადაც ევრობასკეტის დღეებში, გულშემატკივრებს დიდ ეკრანზე შეეძლებათ ევრობასკეტის მატჩების ყურება და ეროვნული ნაკრების ქომაგობა…
იქვე გაიყიდება სპეციალურად ამ მოვლენისადმი ჩვენი გაზეთის საკოლექციო ნომერი. რიყეზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მოწყობილ ფან-ზონაში და ცხადია, „თბილისი არენაზე“, სადაც გაიმართება კიდეც ჩემპიონატის მატჩები. 28-გვერდიანი „სარბიელის“ საკოლექციო ნომრის ფასი 5 ლარი იქნება, შლაზე კი შეხვდებით უმაღლესი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების პოსტერს.
ფანზონა დატვირთული იქნება მრავალფეროვანი აქტივობებით. რიყის პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა ქართული კალათბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ისტორიის ხეივანი, 3×3 საკალათბურთო მოედანი, ეროვნული ნაკრების ფან-შოპი, სპონსორების, კვების, ბავშვთა გასართობი და ელექტრონული თამაშების კუთხეები.
დიდი საკალათბურთო დღესასწაულის – ევრობასკეტის უკეთ შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე, რიყის პარკში განთავსდება გიგანტური ჰეშთეგი, ევრობასკეტთან ასოცირებულ ფერებში განათდება თბილისის ანძა, მშვიდობის ხიდი და ეშმაკის ბორბალი.
საქართველოში ევრობასკეტი სპეციალური პროგრამითა და კონცერტით, ოფიციალურად გაიხსნება ზემოხსნებულ ფანზონაში.
ევრობასკეტის გახსნის ცერემონიალი რიყის პარკში, 21:30 საათზე დაიწყება. ფანზონაში ასევე წარმოდგენილი იქნება ევრობასკეტის ოფიციალური თილისმა „DJ Bounce”.