„ვალენსიამ” „ატლეტიკოსთან” შინ წააგო 0:1. ახლა „ღამურები”, რომლებსაც ამ შეხვედრაში, განსაკუთრებით გოლის გაშვებამდე, ცუდად ნამდვილად არ უთამაშიათ, 3 ქულით მე-14 ადგილზე არიან, ერთი მოიგეს და ორი წააგეს, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი გიორგი მამარდაშვილის თამაშია. კითხვაზე, როგორ დაიცვა კარი საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა, პასუხი იოლია: მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა.
„ჩეების” კარში გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, მაგრამ ეს იყო პირწმინდა გამართლება. მსოფლიოს ჩემპიონის დარტყმული კარლოს სოლერს მოხვდა, მიმართულება იცვალა და ისე შევარდა მასპინძლების ბადეში. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ „ატლეტებს” კიდევ შეეძლოთ გოლების გატანა, რის ნებაც მათ გიორგიმ არ მისცა. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში მამარდას თამაში ფაქტობრივად სრულყოფილად არის ნაჩვენები. აკლია მხოლოდ ის ეპიზოდი, როდესაც მარცხენა ფრთიდან იანიკ კარასკო შევარდა საჯარიმო მოედანში და ქართველმა გოლკიპერმა მისი დაბალი დარტყმა შესანიშნავად მოიგერია. მიმოხილვაში ცხადია არ არის შეტანილი გიორგის ფეხით თამაშის კადრებიც. უნდა ითქვას, რომ ამ კომპონენტში მისი მოქმედება ადრინდელთან შედარებით ცა და დედამიწაა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ეპიზოდში მსაჯი გილერმო კუარდა ფერნანდესი დაიბნა. ჯერ იყო და 0:0-ზე „ვალენსიას”, კერძოდ იუნუს მუსას შესანიშნავი გოლი არ ჩაუთვალა, რადგან VAR-მა მიუთითა, რომ შეტევის დასაწყისში მუკტარ დიაკაბიმ ბურთი წესის დარღვევით მოიპოვა, რაც გატუზომ ემოციურად გააპროტესტა. შემდეგ კი ტიერი რენდალი ალვარო მორატას წაქცევისთვის (უკანასკნელი იმედის ჯარიმა) ჯერ გააძევა და მერე, კვლავ VAR-ის ჩარევით, წითელი ბარათი ყვითლით შეცვალა. არბიტრი ორივე ეპიზოდში ახლოს იყო და შეეძლო საქმე ვიდეო-გარჩევამდე და კამათამდე არ მიეყვანა.