ხორვატიაში დაიწყო წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩერნოგორიასთან 11:14 დათმო.
ჩერნოგორიელები მთელი მატჩის განმავლობაში იგებდნენ, დასაწყისიდანვე მეთოდურად ზრდიდნენ უპირატესობას და ტაიმი 9:5 მოიგეს. შესვენების შემდეგ დადგა კულმინაციური მომენტი, როდესაც დეიან სტანოიევიჩის გუნდი ათამაშდა და სხვაობა მინიმუმამდე (8:9) დაიყვანა.
მომდევნო შეტევაში გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ არ გამოვიდა, რაც მეტოქემ არ გვაპატია და ბოლო მეოთხედის წინ სულაც 5 ბურთით ჩამოვრჩით – 8:13.
ბოლო მეოთხედი 3:1 მოვიგეთ, მაგრამ თამაშის გადასარჩენად ეს საკმარისი არ გამოდგა. საქართველოს ნაკრებში კარგი მატჩი ჰქონდა მარკო ელაჩას, ვინაც 5 ბურთი გაიტანა, ბორის ვაპენსკის ანგარიშზე 3 დაგროვდა, ხოლო თითო-თითო ნიკა შუშიაშვილმა, ივან სარიჩმა და ანდრია ბითაძემ მითვალეს. მომდევნო მატჩი ჩვენებს 31 აგვისტოს იტალიასთან აქვს.