პოლ პოგბამ განაცხადა, რომ ბავშვობის მეგობრები შანტაჟს უწყობენ, 13 მილიონ ევროს სძალავენ. ამას წინ უძღოდა ფეხბურთელის ძმის მატიას პოგბას მუქარა, იმ ინფორმაციას გავხეთქავ, რომელიც ჩემი ძმის სახელს მთელს მსოფლიოში შელახავსო.
29 წლის პოგბამ პოლიციაში უჩივლა ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ფულს სთხოვს და ეუბნება, რომ ეს მისი 13-წლიანი დაცვის გასამრჯელოა. პარიზის ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოძიება დაადასტურეს. „ფრანს ინფომ” მავანისგან შეიტყო, რომ „ადამიანთა ჯგუფი” ნახევარმცველის ბავშვობის ამხანაგები არიან. „იუვენტუსის” ვარსკვლავი კი ამბობს, რომ გამომძალველებმა ის საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბან ლანი-სურ-მარნში საქმის გასარჩევად ბინაში შეათრიეს.
ლაპარაკია ბავშვობის მეგობრებსა და ორ ჰუდიან-ქუდიან კაცზე, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირათ. პოგბას გამომძიებლებისთვის უთქვამს, რომ მოძალადეებმა მას უსაყვედურეს, რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გახდი ჩვენთვის ფული აღარ მოგიციაო და 13 მილიონი ევრო მოთხოვეს. პოგბას თქმით მან გამომძალველები რამდენჯერმე დაინახა აპრილში, მანჩესტერში (მაშინ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა) და ივლისში, ტურინში, „იუვეს” ბაზაზე.
მსოფლიოს ჩემპიონს გამომძიებლებისთვის მოუყოლია, რომ ის ბავშვობის მეგობრებს მატერიალურად ყოველთვის ეხმარებოდა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ამ ხალხს ფული არ მისცა მოხდა იანვარში, როდესაც ერთ-ერთ მათგანთან კონფლიქტი მოუვიდა. მაშინ პოგბამ ეს „მეგობარი” მანჩესტერში თავისი სახლიდან გააგდო. მიზეზი ის იყო, რომ ფეხბურთელის აზრით ამ კაცმა მისი საკრედიტო ბარათით ისარგებლა და 170 000 გირვანქა (200 000 ევრო) მოჰპარა.
პოგბა და მისი ძმები მატიასი და ფლორენტენი ლანი-სურ-მარნში იზრდებოდნენ. გუშინ მატიასმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა მიმართვა, სადაც თქვა:
„საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის და ესპანეთის საზოგადოება, სხვა სიტყვებით მთელი მსოფლიო, ჩემი ძმის ფანები, საფრანგეთის ნაკრებისა და „იუვენტუსის” ფეხბურთელები იმსახურებენ რომ იცოდნენ ზოგი რამ. მათ უნდა გაიგონ არის თუ არა ის ღირსი იკავებდეს ადგილს ნაკრებში და ითამაშოს მსოფლიოს ჩემპიონატზე. იმსახურებს თუ არა ის, იყოს „იუვენტუსის” ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე. არის თუ არა ის სანდო ადამიანი”.
შემდეგ მატიასმა შეუტია პოგბას აგენტ რაფაელა პიმენტას, რომელიც პოლის აგენტი წლის დასაწყისში, მინო რაიოლას სიკვდილის შემდეგ გახდა და ჩაროზად დასძინა, რომ კილიან მბაპეს შესახებ ქვის გამხეთქი ამბავი იცის.
„ამ ყველაფერს მოგიყვებით და მეყოლება უამრავი მოწმე, ვინც ჩემს სიტყვებს დაადასტურებს” — თქვა ფეხბურთელის ძმამ.
დედამ და ვექილმა იეო მორიბამ კი პოლის მხარე დაიჭირეს. მათ გაავრცელეს განცხადება სადაც მატიასსა და მის თანამზრახველებს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება უწოდეს.