როდესაც 2011 წლის სექტემბრის ამბავი შეახსენეს, დიმიტარ ბერბატოვს გაეღიმა. ეს ლიგის თასის მესამე ეტაპზე მოხდა. „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლიდს იუნაიტედს” სტუმრად 3:0-ს უგებდა და სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა. ამ დროს დებიუტანტი ზეკი ფრაიერსიც დაშავდა, მატჩის დამთავრებამდე კი 10 წუთი რჩებოდა. სერ ალექს ფერგიუსონი ცოტა დაბნეული ჩანდა…
ბულგარელი ვარსკვლავი, რომელიც დღეს თავის სამშობლოში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძვის და მოქმედ ხელმძღვანელობას კრიჭაში უდგას, ფორვარდი იყო. ის დღემდე რჩება თავდამსხმელად, რომელსაც საქართველოს ნაკრების კარში ყველაზე მეტი, 5 გოლი აქვს გატანილი. ბერბატოვი იყო მოქნილი, ტექნიკური ბომბარდირი, მაგრამ იმ დღეს სხვა გზა აღარ იყო და… დაცვის ცენტრში გადაბარგდა.
SPORTbible-თან ინტერვიუში ბერბატოვმა თქვა: „ვიცოდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც მცველად მომიწევდა თამაში. გეტყვით რატომაც. იმიტომ, რომ მამაჩემი მცველი იყო და ეტყობა მისი გავლენით, ვარჯიშებზე ხშირად დავმდგარვარ უკანა ხაზში. ეს სასარგებლოც იყო. ასე ვეცნობოდი ჩემი მეურვეების აზროვნებას და ეს, როგორც თავდამსხმელს ძალიან მადგებოდა”.
დიმიტარის მამა ივანი 1980-იან წლებში თამაშობდა სოფიის ცსკა-სა და ბულგარეთის ნაკრებში.
და იმ 10 წუთის განმავლობაში ბერბატოვმა და მაიკლ ქერიკმა, რომელიც ასევე არ გახლდათ მცველი, ნახევარმცველი იყო, ლიდსელებს გოლი არ გაატანინეს. აქ უნდა დავძინოთ, რომ მაშინდელი „ლიდსი” დღევანდელზე შეუდარებლად ძლიერი, ამბიციური გუნდი იყო.
ბერბატოვი ხუმრობს: „მაშინ საკმაოდ კარგად ვითამაშე. მე ვიყავი ფრანკო ბარეზი და ფრანკ ბეკენბაუერი ერთად. გულწრფელად გეუბნებით, ძალიან ვისიამოვნე. „ლიდსი” სერიოზული მოწინააღმდეგე იყო და გამოწვევას როგორ გავექცეოდი. რა სასიამოვნოა, რომ ის დღე ჩემს გარდა სხვასაც ხსომებია”.
დიმიტარ ბერბატოვი ინგლისში 2006 წელს ჩავიდა და თავიდან „ტოტენჰემ ჰოთსპურში” ითამაშა ორი წელიწადი, 2008 წელს კი სატრანსფერო ბაზრის დახურვის დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა.