Eljif Elmas of North Macedonia and Khvicha Kvaratskhelia of Georgia... Foto  di attualità - Getty Images
მიმავალი და მომავალი: კვარაცხელია ელმასის წინააღმდეგ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში” კვლავ ცვლილებებია მოსალოდნელი. ჯაკომო რასპადორიმ და ფრანგმა ტანგი ნდომბელემ გუშინ რომში „ვილია სტიუარტის” კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს და, როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, ჩაკი ლოსანოსა და ელიფ ელმასს წასასვლელად გზა გაუხსნეს. ლოსანო „მანჩესტერ იუნაიტედს” სდომებია, ელმასი კი „ევერტონს”.

პარტენოპეელებმა ამ ზაფხულს შემადგენლობა გვარიანად შეცვალეს. ლუჩანო სპალეტის ფაქტობრივად ახალ ხალხთან უწევს მუშაობა, გუნდს ახალი მოთამაშეებისგან ადუღაბებს.

კლუბში ცვლილებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გასულ უქმეებზე სერია A-ს სეზონი დაიწყო, მაგრამ „სასუოლოს” თავდამსხმელი რასპადორი და „ტოტენჰემის” ნახევარმცველი ნდომბელე გუნდს ახლაღა შეუერთდებიან.

როგორც ტრანსფერების ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო წერს, ახლა „ნაპოლის” უკვე შეუძლია ლოსანოსა და ელმასის გაყიდვა.

27 წლის მექსიკელი, რომელსაც მარჯვენა ფრთის გარდა მარცხნივ და მოხეტიალე ფორვარდადაც შეუძლია თამაში, კონტრაქტში ჩაწერილი გამოსასყიდი თანხის თანახმად 130 მილიონი ევრო ღირს, თუმცა გაცილებით იაფად გაიყიდება. მას ნეაპოლელებთან 2024 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული.

ლოსანო იტალიურმა კლუბმა 2019 წელს „პსვ ეინდჰოვენისგან” 45 მილიონ ევროდ იყიდა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მისგან მეტს ელოდნენ, თუმცა იმასაც დასძენდნენ, რომ მექსიკელი მისთვის ყველაზე მოხერხებული პოზიციიდან ლორენცო ინსინიემ განდევნა. ჩაკიმ 115 ოფიციალურ შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი ჩააწოდა.

რაც შეეხება ჩრდილო მაკედონიელ ელმასს, ის ოქტომბერში 23 წლის გახდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შემტევი ნახევარმცველი „ევერტონს” მოსწონს. „ნაპოლისთან” მისი კონტრაქტი 2025 წლამდეა. პარტენოპეელებმა ელმასი „ფენერბაჰჩესგან” იყიდეს — 2019 წელს მასში 16,2 მილიონი ევრო გადაიხადეს.