Gary Neville reckons just two of the 33 signings have been a successგარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედს” ფეხბურთელების სასაფლაო შეარქვა. მანჩესტერელთა ლეგენდა ამბობს, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა ბოლო ათ წელიწადში ორად ორი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა. ყოფილმა მარჯვენა მცველმა და მისმა კოლეგამ, ძველმა ლივერპულელმა ჯეიმი კარაგერმა ორშაბათ საღამოს გადაცემაში მანკუნიანელები გვარიანად გააკრიტიკეს. გადაცემას წინ „ბრენტფორდთან” შაბათის სამარცხვინო მარცხი 0:4 უძღოდა.

ნევილმა „იუნაიტედს” განსაკუთრებით 2013 წლის შემდგომი სელექცია დაუწუნა. მისი აზრით კლუბი ყიდულობდა მესამეხარისხოვან მეკარეებს და ახალგაზრდებს, რომლებიც პირველ გუნდში თამაშისთვის მზად არ იყვნენ.

ამ ხნის მანძილზე „ოლდ ტრეფორდზე” მოვიდა 33 ფეხბურთელი, რომელთა ყიდვაში 1,25 მილიარდი გირვანქა დაიხარჯა. მათაგან, ნევილის აზრით, ღირებული მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ბრუნო ფერნანდეში იყვნენ.

შვიდს, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსა და ჰარი მაგიუაირს, ნევილი საშუალო დონის შენაძენად მიიჩნევს, არც აქეთ და არც იქით, დარჩენილი 24 კი უვარგისებად მიაჩნია.

„ეს კლუბი მწვრთნელებისა და უცხო მოთამაშეების ცვლაში ჩაიკარგა. ბევრი მათგანის, მათ შორის ჯეიდონ სანჩოს, რაფაელ ვარანისა და რონალდუს მოსვლას მივესალმებოდი, მაგრამ მათ აქ ფეხბურთელების სასაფლაო დახვდათ. ახალი შენაძენების 75-მა პროცენტმა არ გაამართლა. კარგი მხოლოდ 4-5 პროცენტი იყო და ეს საშინელებაა.

მთელი ათი წლის განმავლობაში ყველაფერში ფეხბურთელებს ვადანაშაულებდით.  არადა, როდესაც სკოლა ცუდად მუშაობს, მთავრობა ბავშვებს კი არ ადანაშაულებს, არამედ საგანგებო ღონისძიებას ატარებს”, — თქვა ნევილმა.

რონალდუს საკითხზე ნევილი ფიქრობს, რომ კლუბი ცუდ დღეშია. გაყიდის — ინანებს, არ გაყიდის და მაინც ინანებს.

„გაყიდიან თუ არა კრიშტიანუს, კლუბს მაინც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებენ. რამდენიმე კვირის წინ მისი გაყიდვა მართლაც საუკეთესო გამოსავალი იყო. ახლა ასეა: თუ რონალდუს გაუშვებენ, მის ნაცვლად კი იყიდიან ახალ ფეხბურთელებს და ისინი ვერ გაამართლებენ ობსტრუქცია არ აცდებათ. ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სეზონს ცხრილის ქვედა ნახევარში დაამთავრებს. ეს არის სრულიად დემორალიზებული, ნაწილებად დაშლილი გუნდი”.