„პარი სენ ჟერმენმა” ახალი სეზონი ახალი მწვრთნელის კრისტოფ გალტიეს ხელმძღვანელობით ორი თამაშიდან ორი მოგებით დაიწყო. გოლების სხვაობაც შთამბეჭდავია — 10:2.
მეორე ტურში, პსჟ-მ „მონპელიეს” 5:2 მოუგო. კილიან მბაპემ გოლი მეორე ტაიმში შეაგდო (პირველში პენალტი ვერ გაიტანა), მაგრამ იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც გოლზე და ვერ გატანილ პენალტზე მეტად მიიქცია ყურადღება. კერძოდ, 23 წლის ვარსკვლავმა სწრაფი კონტრშეტევის დროს თანაგუნდელისგან პასი დროულად ვერ მიიღო და… განაწყენებული შეტევას საერთოდ ჩამოშორდა.
ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ აშრაფ ჰაკიმმა ბურთი მიზანს ააცილა, მაგრამ მარცხენა ფრთაზე მბაპე რომ ყოფილიყო, შეტევა უეჭველად სხვანაირად დასრულდებოდა.
მბაპეს საქციელმა გულშემატკივრის აღშფოთება გამოიწვია.